ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის პალატაში, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, საკვები ჰქონდათ დატოვებული, ადვოკატის მითითების შემდეგ კი, საკვები პალატიდან გაიტანეს.
ეს განცხადება მან მთავარი არხის ეთერში გააკეთა.
“როდესაც ადვოკატი შევიდა მზიასთან დღეს პალატაში აღმოჩნდა, რომ საკვები უდევს იქ და მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას კი უნდა შესთავაზონ საკვები ყოველდღიურად, მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს საკვებზე, ამიტომ როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა შემდეგ გაიტანეს ეს საკვები”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.
***
დღეს ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა ვივა მედში მოინახულა.
ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას აგრძელებს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელის თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებმა შეწყვიტონ შიმშილობა.
მზია ამაღლობელი გუშინ, 4 თებერვალს საღამოს საათებში კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს. ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ მზია ამაღლობელს ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები და ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ, პაციენტს სტაციონარის პირობებში მკურნალობა შესთავაზეს, რასაც ის დათანხმდა.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში შევიდა კონტაქტური, მას არ ჰქონია გონების კარგვის ეპიზოდი. მისივე თქმით, “პაციენტი განაგრძობს შიმშილობას”.