ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ – დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში სპეცრაზმის თანამშრომლები გრიგორიადისს აგინებდნენ და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქობესაშვილი განმარტავს, გრიგორიადისს სამედიცინო დახმარება დიღმის მთავარ სამმართველოში ექიმმა გაუწია.
ადვოკატი არ გამორიცხავს, გრიგორიადისს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს, თუკი, მას ტკივილები ექნება.
„სახეზე, თავზე დაზიანებები აქვს. ასევე, ბორკილებისგან ხელები აქვს დაწითლებული.
აქციაზე იდგა, სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, დააკავეს. ის დაკავების, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, იქამდე სცემეს. გრიგორიადისს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, ძირს დააწვინეს და ისე ურტყეს, აგინებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, – აცხადებს ქობესაშვილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიღმის სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება უკვე გაკეთდა.
პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.