ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას დაარღვევს, ბოლო პროცესზე ჩვენებას თავისთავად მისცემს

ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას დაარღვევს, ბოლო პროცესზე ჩვენებას თავისთავად მისცემს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მედიასთან განმარტა, სასამართლოს სხდომები დაახლოებით ორ პროცესში დასრულდება.
„დაცვის მხარე, როდესაც მიხვდა იმას, რომ ბრალდების მხარის ქმედებები ემსახურებოდა პროცესების გაჭიანურებას გაურკვეველი მიზეზის გამო, დარჩენილი ჰყავდა 12 მოწმე, საიდანაც მხოლოდ თითო მოწმე მოყავდა სასამართლო სხდომაზე, რომელიც შესაძლებელია დროში კიდევ გაწელილიყო დაახლოებით 1 წელზე მეტ ხანს, დაცვის მხარემ გადაამოწმა, თუ რომელი მოწმეები იყვნენ ისინი. ისინი არ იყვნენ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მოწმეები. ძირთადად ის მოწმეები, რომლებიც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყვნენ ყველა დაკითხული იყო და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, დარჩენილი თორმეტივე მოწმე დაცვის მხარემ უდავო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის არცერთი მოწმე არ დაიკითხება სასამართლო სხდომაზე. 2024 წლის 15 იანვარს გაგრძელდება დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.