ადვოკატი: კადრებში ჩანს, რომ 4 ოქტომბერს ტუღუში ეზოში გულწასული სამართალდამცველის დასახმარებლად შევიდა

ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულხან ტუღუში 4 ოქტომბერს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლეში გულწასული სამართალდამცველის დასახმარებლად შევიდა.
“საქმეში დევს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ეხმარება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველს, რომელიც არის გულწასული. როგორ ეხმარება ის სხვა მოქალაქეებს, გამოჰყავთ და მიჰყავთ სასწრაფოს მანქანასთან […] ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმას კი არ ახორციელებს, არამედ სტრატეგიული ობიექტიდან გამოჰყავს სამართალდამცველი, რომელიც არის გულწასული. შემდეგ გავიგე, რომ ეს ადამიანი გადაუყვანიათ თურქეთში სამკურნალოდ […] გამოდის, რომ სულხან ტუღუშს ბრალი ედება იმაში, რომ პოლიციელი გამოიყვანა იქიდან, რომელიც არის გულწასულ მდგომარეობაში. გამოდის, რომ არ უნდა გამოეყვანა? არ უნდა დახმარებოდა?”, – ალექსანდრე ზუბიაშვილი, სულხან ტუღუშის ადვოკატი.
“რაზე სხედან ეს ადამიანები, რაზე დაიჭირეს? აზრის და გამოხატვის თავისუფლების გამო? რა გამოდის, რომ მე თუ არ მომეწონება სახელმწიფო მოხელის გადაწყვეტილება, ჩუმად უნდა ვიყო და არ გამოვხატო? […] ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რაც ხდება ჩვენთან, ასეთ რამ ხდება მხოლოდ ბელორუსიასა და რუსეთში […] მეც გამოვდიოდი და ვიდექი იქ, კიდევაც გავალ, ხვალ რომ დიდი აქციაა დაგეგმილი”, – განაცხადა ადვოკატმა, რის შემდეგაც მას სიტყვა გააწყვეტინა მოსამართლემ და მოუწოდა ესაუბრა უშუალოდ საქმის გარემოებებზე.
ალექსანდრე ზუბიაშვილის თქმით, სასამართლომ არცერთ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენოს არცერთი ბრალდებულის წინააღმდეგ. თუმცა, ალტერნატივის სახით, შესთავაზა 3000-ლარიანი გირაო და მოსამართლეს მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტიც. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.