აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ თავს სუსტად გრძნობს და უკვე გადაადგილებაც უჭირს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, თემურ ქათამაძეს დღეს ესაუბრა, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ის კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.
„თემურ ქათამაძე, როგორც თავად განმარტავს, თავს უკვე სუსტად გრძნობს, ასევე გრძნობს გადაადგილებისას სირთულეებს. არ ვიცი, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დათანხმდება კლინიკაში გადაყვანას. მოგეხსენებათ, 15 თებერვლის შემდეგ საერთოდ არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებია ამ ადამიანს, ის უარს აცხადებდა სამედიცინო შემოწმებაზე და 15 თებერვლის შემდგომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არანაირი ინფორმაცია არ გაქვს, გარდა მის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, რასაც ამ დღეებში თავად განმარტავდა. დღეს, უკვე როგორც ამბობს, თავს სუსტად გრძნობს და უკვე გადაადგილებაც უჭირს“, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.
მისი თქმით, დროებითი მოთავსების ცენტრში ქათამაძეს მნახველებთან შესახვედრად დამატებით 5 წუთიც კი არ აქვს, რასაც ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქვამს.
„რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გულისხმობს ისეთ ფაქტებს, რომ დროებითი მოთავსების ცენტრში არ უწყობენ ხელს რომ პირობითად, წერილებიც კი თავისი სურვილისამებრ გაავრცელოს. ანუ ფიზიკურად იზოლატორში არაშესაბამის პირობებში უწევს თუნდაც ამ წერილების წერა. ასევე, ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც პრობლემები შეექმნა მისთვის შეგზავნილ დოკუმენტებსაც, რომელიც იმავე დღეს უნდა გადასცემოდა, მაგრამ დაგვიანებით გადასცეს, რაც მნიშვნელოვანი იყო მაგალითად, სასამართლოში წარსადგენად. ყოველივე ამას, მითუმეტეს, როდესაც შიმშილობის ამ ვადაზე იმყოფება და მინიმალურ საკითხებზეც კი პრობლემები ექმნება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მოქმედებს. სწორედ ამას გულისხმობს ზეწოლაში. არანაირი ხელშეწყობა არ აქვს დროებითი მოთავსების ცენტრში. არ აქვს დამატებითი 5 წუთიც კი, როდესაც რამდენიმე მნახველი არის მასთან შესული, თუნდაც 5 წუთი მისცენ დამატებით რომელიმე მათგანთან შესახვედრად. სწორედ ამას აღიქვამს ფსიქოლოგიურ ზეწოლად“, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.
შეგახსენებთ, აქტივისტი თემურ ქათამაძე 46-ე დღეა შიმშილობს. ის ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
