ადვოკატი: თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთებს მფარველობდნენ

მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღევანდელი ბრიფინგით დაადასტურა ის, რაზეც ბრალდების მხარე პირველივე დღიდან საუბრობდა.
“თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი.
ასევე ცხადი იყო, რომ მკვლელობის შემკვეთებს მფარველობდნენ. საქმეს კარგა ხნის განმავლობაში არ იძიებდნენ.
-ს დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ის, რაზეც პირველივე დღიდანვე ვსაუბრობდით!!!”, – წერს ის Facebook-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.