ადვოკატი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ არსებულ ვიდეოზე – აშკარად ჩანს მონტაჟის კვალი და გამოძიებაც ვერ უარყოფს, რომ ზედ ტიტრები აქვს დადებული – ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში ვერანაირად ვერ უნდა მიიღოს

ვიდეოკადრებზე აშკარად ჩანს მონტაჟის კვალი და გამოძიებაც ვერ უარყოფს, რომ ზედ ტიტრები აქვს დადებული – ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში ვერანაირად ვერ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი სამუშიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში არსებულ პროკურატურის ვიდეომასალაზე, რომელსაც ხმა არ აქვს.
მისივე თქმით, გამოძიებას არც კი უცდია, რომ აღნიშნულ ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა ჩაეტარებინა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, კადრები აშკარად ფალსიფიცირებულია და მისი ავთენტურობის დადგენა გამოძიების ინტერესში არ შედიოდა.
„გამოძიებას არც კი უცდია, რომ ჩაეტარებინა მოცემულ ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა. არ დაუდგენია, ვის მიერაა გადაღებული, ან როდის. ფაქტობრივად, ამ მტკიცებულებას წარდგენილ ბრალთან ბმა არ აქვს. რაც შეეხება კითხვებს – გამომძიებლისგან გასაოცარი პასუხები მივიღეთ, რომ გამოძიებისთვის საინტერესო არ იყო, რამდენად ავთენტური იყო მოცემული მტკიცებულება. არ ჩათვალეს საჭიროდ და არ ჩაატარეს შესაბამისი [ექსპერტიზა]. მათ, ასევე, შეეძლოთ დაედგინათ, თუ როდისაა გადაღებული. ვიდეოზე ჩანს პიროვნებები, მათი სახეები. შეეძლოთ დაეკითხათ ის პიროვნებები და დაედგინათ ვიდეოკადრების გადაღების დრო, მაგრამ ეს არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ეს არის აშკარად ფალსიფიცირებული კადრები. აქედან გამომდინარე, გამოძიების ინტერესი არ იყო, დაედგინა, რამდენად ავთენტური იყო აღნიშნული მტკიცებულება.
ნდობა ამ ვიდეოს მიმართ ვერ იქნება. ფაქტობრივად, ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში ვერანაირად ვერ უნდა მიიღოს. აშკარად ჩანს მონტაჟის კვალი და გამოძიებაც ვერ უარყოფს, რომ ზედ ტიტრები აქვს დადებული. ანუ, იმან ვინც გადაიღო და გაავრცელა, ტექნიკურად ზემოქმედებაც მოახდინა ამ კადრებზე,“ – განაცხადა სამუშიამ.
დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.