შეუძლიათ 2 წლამდე ნებისმიერი სასჯელი შეუფარდონ. ამ ერთი წლის განმავლობაში ნიკა მელიასთვის ეს მეოთხე ბრალდებაა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ სასჯელს სად დაუმატებენ? მათ ხელშია შეკრებაც, გამოკლებაც და შთანთქმაც. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განმარტა, მელიას ბრალდება 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს.
„საუბარია 2025 წლის 10 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, როდესაც ნიკა მელიას უკანონო გატაცების საქმესთან დაკავშირებით განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, აღნიშნულ საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავდა, სადაც ორი პოლიციელი გამოცხადდა, რომლებმაც აბსურდული, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს, თითქოს, 7 თვის წინ, 29 მაისს, ნიკა მელიამ მათ ვერაზე, მანქანიდან შუა თითი აჩვენა, შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. რეალობა კი შემდეგი იყო, ნიკა მელიას მეორე დღეს ჰქონდა პროცესი, სადაც მას სასჯელი პატიმრობა უნდა შეეფარდებოდა, რის გამოც, ხელისუფლებამ მისი უკანონო დაკავების გადაწყვეტილება წინასწარ მიიღო, ის გაიტაცეს, ჩამოართვეს ნივთები და თვეების განმავლობაში აღნიშნული გატაცების საქმეს მალავდნენ. იმის ნაცვლად, რომ მოსამართლე ქოჩქიანს ეს საქმე განეხილა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ორი პოლიციელის მოყოლილი ვერსია მოცემულობად მიიღო და ნიკა მელიას გატაცების საქმეზე თვითონ მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.
რაც შეეხება კონკრეტულად ბრალდებას, მას ედავებიან, რომ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, საუბარია სხდომის მდივნისა და მანდატურის თანამშრომლების მოხსენებით ბარათზე, ასევე აუდიო-ვიდეო ფაილები გადმოგვცეს, რომელსაც ჯერ არ გავცნობივარ. მათი განმარტებით, ისმის, როგორ აყენებს ნიკა მელია პროცესის ბოლოს მოსამართლეს შეურაცხყოფას.
სასამართლომ შემდეგ, ეს 11 ნოემბერს პროკურატურას გადაუგზავნა, 5 თვის წინანდელი საქმეა და დღეს გადაწყვიტეს ნიკა მელიასთვის ბრალი წარედგინათ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ცდილობენ ნიკა მუდმივი სტრესის ფონზე ამყოფონ და ფსიქოლოგიურად უნდათ მისი გატეხვა. ნიკას აქვს დამოკიდებულება, რომ ეს არასამართლებრივი პროცესი, არამედ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია, თვე არ გავა, რომ მას ახალი ბრალდება არ წარუდგინონ, ან ახალი ჯარიმა არ მიუტანონ ან მას, ან მის ოჯახის წევრებს. ამას ის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ ეტაპს უყურებს. ხვალ, სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სრულიად ოპოზიციური სპექტრია ბრალდებული გაუგონარი „საბოტაჟის საქმეზე“, არც იქ აპირებს ნიკა მისვლას.
ნიკას მიაჩნია, რომ ეს არის სრულიად ფარსი და არ აპირებს ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რა ელოდება სასჯელის ნაწილში მელიას, ან დაუმატებენ თუ არა მას წლებს, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია.
„ბრალი 2-წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და როგორც წინა ჯერზე, შეუძლიათ, თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრონ. წინა საქმეში მოგეხსენებათ, 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა მოსამართლემ, აქაც შეუძლიათ 2 წლამდე ნებისმიერი სასჯელი შეუფარდონ. ეს ხომ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ნიკასთვის ეს მეოთხე ბრალდებაა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ სასჯელს სად დაუმატებენ. მათ ხელშია შეკრებაც, გამოკლებაც და შთანთქმაც. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნიკა მათთვის საფრთხეა და ცდილობენ, ყველა ინსტრუმენტი ჰქონდეთ, რომ ხანგრძლივად დარჩეს პატიმრობაში. ნიკა საკმაოდ მხნედაა, საკმაოდ მოტივირებულია, ეს კარგად იციან, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




