ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას, ადვოკატი თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, ხოშტარიას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ჰქონია.
აღნიშნულის შესახებ ზაქარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შემოწმებისას ხოშტარიას „თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული“.
„არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები არ ჰქონია, პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება პრაქტიკულად გამოდის, რომ ელენე ხოშტარიას მიერ მხილების შემდეგ, 3 საათის მერე მოფიქრებულია. არ ვიცი, რა მიზანი აქვს, დისკრედიტაცია, თუ იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უჭირს – „შეკერილი“ საქმეები. ალბათ, ესეც გამოჩნდება. თუმცა, მათ განცხადებას რეალობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
ჩხრეკის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, ეს არ იყო ჩხრეკა, ეს იყო ჩვეულებრივ, დაკავებულის ნივთების შენახვა, ის ოქმდება, ილუქება და ასეთ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეთ ეს ნივთები მათ მოთავსებული შესაბამის პაკეტში. ამის შემდეგ, რა საპროცესო მოქმედებები განხორციელდა და თუ რაიმეს ჰქონდა, ადგილი, ამაზე დამატებით მისი ადვოკატებისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, – აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამს, რომლის მიხედვითაც, ხოშტარიას „იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე“, ადვოკატი პასუხობს, რომ თუკი, დაკავებულის პირადი დათვალიერებაა აღბეჭდილი, ეს კანონდარღვევაა.
„თუ მისი პირადი დათვალიერება კამერებზეა გადაღებული, ეს ცალკე დამატებით დარღვევაა, რადგან პირდაპირ წერია იმ რეგულაციებში, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს, ასევე ქართულ კანონმდებლობაშია მითითებული, არაფერს ვამბობ კონვენციებზე და სხვა განმარტებებზე, რომ პირადი დათვალიერების კამერით გადაღება აკრძალულია“, – აცხადებს ზაქარაშვილი.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ელენე ხოშტარიას მუხლი ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართალზე გადაუკვალიფიცირონ, ადვოკატი პასუხობს, „გამორიცხული არაფერია“.
„როცა დღევანდელ რეჟიმთან და ამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს საქმე, რომელსაც 50-ზე მეტი რეჟიმის ტყვე, პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, გამორიცხული არაფერია. ზუსტად ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ელენე ხოშტარია, ამისკენაა მისი ძალისხმევა მიმართული, მათ შორის, იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორში წააწყდა და მანამდე სხვა აქტივისტებს გადახდათ თავს. დღეს, ქართული სახელმწიფო მთლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც არ უჭირს, უკანონოდ დაკავებული პირების ციხეში გაშვება და საფუძვლის გარეშე საქმეების „შეკერვაა“ ბნელი 90-იანების საუკეთესო ტრადიციებით, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული რეჟიმის დამახასიათებელი მანერით აკეთებს“, – განაცხადა ზაქაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება.
ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიას თქმით, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ელენე ხოშტარიას მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. ამასთან, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად, უარს აცხადებდა შემოწმებაზე. გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ ხოშტარიას “თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა”.
