ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია.
„წარგვედგინა ბრალდება, გაჟღერდა უკვე დღეს არაერთხელ, რას ედავება პროკურატურა. აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვქონდა გარკვეული პოზიცია. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისათვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება.
ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.
ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.
დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ