„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოკმელაშვილი მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
როგორც ოკმელაშვილის ადვოკატმა, კობა ბარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებამდე გიორგი ოკმელაშვილს უთვალთვალებდნენ და მის ყოველ გადაადგილებას იღებდნენ.
„გიორგი ოკმელაშვილი მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს, რასაც ის ხაზს უსვამს თითოეული გამოსვლის დროს. ასევე, უკავშირებს მაისის აქციების დროს განსაკუთრებულ აქტიურობას, როდესაც გარკვეულ ეტაპზე სიტყვითაც გამოდიოდა. ეს კადრები არის საქმეში, საზოგადოებამ იცის და გარკვეულწილად, ჩვენც გამოვიკვლიეთ სასამართლო დარბაზში. იქ კარგად ჩანს, რომ კონკრეტული ოპერატორები გიორგი ოკმელაშვილს რატომღაც დაჰყვებიან და მის თითოეულ გადაადგილებას აფიქსირებენ, რაც შემთხვევითი არ არის. აქ იკვრება ჯაჭვი, თუ რატომ არის ის დღეს მსჯავრდებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეში სხვადასხვა დარღვევები დაფიქსირდა.
ადვოკატი საქმის გაჭიანურებაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, როგორც ოკმელაშვილის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, დაცვის მხარეს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, კრიტიკულად გამოეკვლია მტკიცებულება და მოწმეებთან, მათ შორის, გამომძიებლებთან შესულიყო ეფექტიან კონფრონტაციაში.
„გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განზრახ გააჭიანურა საქმის განხილვა, დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი არგუმენტაციისა და საფუძვლის გარეშე, სასამართლომ არ ჩანიშნა სხდომა იმისთვის, რომ გიორგი ოკმელაშვილის შეწყალება არ მომხდარიყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადაში. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო დარღვევა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა კობა ბარამიამ.
ადვოკატის თქმით, შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და არ გამომდინარეობდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. 11 აპრილს არის ჩანიშნული პირველი სასამართლო სხდომა. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო არსებითად შეცვლის. შიდა საკანონმდებლო მექანიზმები უნდა იყოს სრულად ამოწურული იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ იგეგმება, დასაბუთებული საჩივარი იქნეს წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამის წინაპირობები არის ის,რომ გარკვეული პროცედურული საკითხები უნდა გავიაროთ შიდა საკანონმდებლო სივრცეში“,-განაცხადა კობა ბარამიამ.
ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია.
