ლაზარე გირგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე განმარტავს მისი აზრით, რატომ ცდილობს მართლმსაჯულების სისტემა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პროცესის გაჭიანურებას.
როგორც ადვოკატმა დღეს, 28 მარტს გრიგორიადისის მორიგი გადადებული სხდომის შემდეგ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ პროკურატურამ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ საქმესთან დიდია ალბათობა, რომ ლაზარეს გაამტყუნებენ.
“როგორც ბრალდების მხარე, სასამართლოც ფიქრობს, რომ ერთადერთი ბერკეტი პრეზიდენტისადმი მიმართვა გვრჩება შეწყალების თხოვნით. პრეზიდენტს ამა წლის ოქტომბრის ჩათვლით აქვს საპრეზიდენტო ვადა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ვადა გაუშვას, როცა შესაძლებელია შეიწყალოს. ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ აუცილებლად შეიწყალებს, შესაძლებელია, რომ შეიწყალოს”, – განაცხადა ადვოკატმა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ბოლო სხდომა 15 იანვარს ჩატარდა. მომდევნო სხდომა 8 აპრილსაა ჩანიშნული. გამოდის, რომ თითქმის სამი თვეა პროცესი ვერ გრძელდება.
დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.