ადვოკატი გამომძიებელს – ანდრო ჭიჭინაძეს სამართალდამცავმა რომ შუშის ბოთლი ესროლა ფეხის არეში, ეს არ ჩაწერილა ოქმში – რომ ამბობთ, ობიექტურად წარიმართა გამოძიებაო, ამაზე რა რეაგირება გქონდათ?

ანდრო ჭიჭინაძეს სამართალდამცავმა რომ სარაჯიშვილის შუშის ბოთლი ესროლა ფეხის არეში, ეს არ ჩაწერილა ოქმში. რომ ამბობთ, ობიექტურად წარიმართა გამოძიებაო, ამაზე რა რეაგირება გქონდათ? – ეს შეკითხვა აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოწმე გამომძიებელს დაუსვა სასამართლო სხდომაზე.
გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეში მთავარი გამომძიებელია და სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იკითხება. მან ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ დასტურდება ვინმეს მიერ ანდრო ჭიჭინაძის ფეხის დაზიანება.
„დათვალიერდა კადრები და ვერ იქნა ნანახი ფეხის დაზიანების კადრი“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
მას ადვოკატმა ჰკითხა, პირველივე დღიდან, აწარმოებდა თუ არა გამოძიებას ისე, რომ დაეცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა მსგავსი დამოკიდებულება ანდრო ჭიჭინაძის და სხვა ბრალდებულთა მიმართ. ასევე თორნიკე მიგინეიშვილმა არსენ ხუნაშვილს ჰკითხა, რატომ არ გამოკითხა ანდრო ჭიჭინაძე დაკავებამდე.
„იმიტომ ხომ არ აარიდეთ თავი ანდროს გამოკითხვას, რომ თქვენ, როგორც მთავარ გამომძიებელს ნეგატიური დამოკიდებულება გქონდათ ანდროს გამოკითხვაზე“, – ჰკითხა ადვოკატმა მოწმე გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს, რაზეც მან უპასუხა, რომ „არა, არანაირი“.
„ანდრო ჭიჭინაძემ გამოკითხვაზე თქვა უარი, არათუ გამოკითხვაზე, არამედ ხელი არაფერზე მოაწერა და ახლა მეუბნებით, რომ მას გამოკითხვა სურდა… როგორც ჩემმა გამომძიებელმა მითხრა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რადგან არ სურდა ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა არსენ ხუნაშვილმა.
მას ადვოკატმა ჰკითხა, ოქმით თუ დასტურდება, რომ ჭიჭინაძემ უარი თქვა გამოკითხვაზე, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ არ დასტურდება.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ანდრო ჭიჭინაძის დაზიანებაზე, კერძოდ იმაზე, რომ მან პოლიციისგან ნასროლი სარაჯიშვილის ბოთლით ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
„ანდროს მიერ ერთი დაზიანებული პიროვნება ვერ მოიყვანეთ და ანდროს დაზიანებაზე არაფერი მოიმოქმედეთ. ამის ახსნას ვცდილობ”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
თავად მოწმე გამომძიებელმა აღნიშნა, რომ დაზიანების თაობაზე, შესაბამისი ინფორმაცია არც მოწმეებისგან მიუღია და არც კამერებში გამოჩენილა.
ამასთან, ადვოკატი დაინტერესდა მოწმისგან, ანდრო ჭიჭინაძის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ ამოიღეს? მოწმის თქმით, „როგორც მახსოვს, არა“.
ადვოკატის თქმით კი, ანდრო ჭიჭინაძისგან ერთადერთი ნივთი რაც ამოიღეს ეს ტელეფონია, რისი მეშვეობითაც უნდა დაედგინათ დანაშაულებრივი კავშირი. ადვოკატმა იკითხა, დღეს სად არის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, რაზეც მოწმე გამომძიებელმა უპასუხა, რომ ტელეფონი ექსპერტიზაზეა.
„7 თვის განმავლობაში ტელეფონები ექსპერტიზაზეა და დაჩქარებისთვის არაფერი მოიმოქმედეთ, რატომ არ მოიმოქმედეთ? ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება დევს სადღაც, რატომ არ მიმართეთ პასუხის დაჩქარებაზე?“ – ჰკითხა ადვოკატმა მთავარ გამომძიებელს.
საპასუხოდ არსენ ხუნაშვილმა განაცხადა: „როგორც ვიცი, რიგითობის მიხედვით ატარებენ ექსპერტიზას. შესაბამისად ვიღაცის უკან გადაწევა და სხვისი წინ წაწევა – არ ხდება ასე. ასე რომ ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს… მე არასდროს მიმართავს დაჩქარებისთვის“.
ამასთან, ადვოკატი დაინტერესდა, რატომ არ გაჩხრიკეს ანდრო ჭიჭინაძის სახლი, ვინაიდან მას, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან.
ხუნაშვილის თქმით, სახლი იმიტომ არ გაჩხრიკეს, რომ მისამართი შესაძლოა დადგენილი არ იყო.
„შესაძლებელია მისამართი არ იყო დადგენილი ან შესაძლოა, გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო… მნიშვნელოვანი იყო მისი მობილური ტელეფონი. არ ყოფილა რაიმე პატაკი ან დოკუმენტი რითაც მისი სახლი გაჩხრეკა იქნებოდა აუცილებელი”, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
ამის შემდგომ ადვოკატმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძე არის საჯარო, ცნობილი პიროვნება, ის ყოველთვის მოუწოდებდა ხალხს, რომ პროტესტი პროევროპულ აქციაზე მშვიდობიანად გამოეთქვათ.
საპასუხოდ გამომძიებელმა აღნიშნა: „დაკავებიდან რამდენიმე დღის მერე გავიგე, რომ რომ ეს ადამიანი იყო მსახიობი“. „მისი რაიმე ინტერვიუს წარმოდგენა არ ყოფილა“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძის საქმეში წარმოდგენილია ვიდეო სადაც ისმის „შენ თუ ცოცხალი გაგიშვა, ნახე!”. ადვოკატის თქმით, ვიდეოში ისმის -ს წარმომადგენლების გინება და მუქარა, მაგრამ ის გამომძიებლისგან დაინტერესდა, როცა ეს ვიდეო ნახა, დაადგინა თუ არა ვინ იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ ამ ვიდეოში და მიიჩნევს თუ არა მუქარად ფრაზას „შენ თუ ცოცხალი გაგიშვი“.
„გიდასტურებთ, რომ იგინებოდნენ. ხმა ნამდვილად ისმის… არა, არ დადგენილა [ვინაობა]”. აღნიშნა არსენ ხუნაშვილმა.
„არ დადგენილა“ – ყველაზე სწორი შეფასებაა ეს“, – უპასუხა რეპლიკის სახით ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მთავარ გამომძიებელს.