ადვოკატი – ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას – სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს

ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე 28, 29 და 30 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა.
„ზვიად ცეცხლაძეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და ბრალდების მხარეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჰქონდა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს, ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ეხებოდა 28, 29 და 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, ყველა პოლიციელი, რომელიც გამოიკითხა, მათ დაადასტურეს, რომ დაზიანებები ამ პერიოდში მიიღეს, ასევე დადასტურებულია, რომ ზვიად ცეცხლაძე ამ დღეების განმავლობაში ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქციაზე. მეტიც, ჩანაწერი, რომელსაც ბრალდების მხარე იშველიებდა ჩაწერილია 30 ნოემბერს, ამრიგად 30 ნოემბრამდე მიმდინარე პროცესებზე ეს ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად. წარმოდგენილი 4-წუთიანი ვიდეო შინაარსობრივად თავდაცვითი ხასიათისაა. ასევე, მთავარ ვიდეოს არ აქვს ვერბალური ნაწილი”,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე ორგანიზებას უწევდა აქციაზე მყოფ გარკვეულ ჯგუფებს, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებას, სხვადასხვა სახის ნივთების დამზადებასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოუწოდებდა.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.