ადვოკატი: ბაჩიაშვილი საქართველოში იძულებით დააბრუნეს

Amsterdam & Partners LLP, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი წამების საფრთხის წინაშეა.
საერთაშორისო იურიდიული ჯგუფი აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა საქართველომ პასუხი აგოს და აანაზღაუროს ბაჩიაშვილის საქმეში უკანონო ქმედებები
„მკაცრად ვგმობ საქართველოს მიერ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართულ მანიპულირებასა და საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას ჩემი კლიენტის — სიმართლის მთქმელის — დაპატიმრების მიზნით“, — აცხადებს ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი.
იურიდიული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილი დიდი ხანია ს მხრიდან პოლიტიკური დევნის სამიზნეა და საქართველოში იძულებითი დაბრუნება მას აყენებს დაუყოვნებელი საფრთხის წინაშე, რომ იგი გახდება თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
„საფრთხე რეალურია. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს სამართალდამცავთა მხრიდან წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდება“ დააფიქსირა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის — წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის — დარღვევებზე. ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) თავის 2018 წლის საჯარო ანგარიშში აღნიშნა საქართველოში პატიმრობისას ცემის, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო გარანტიების სისტემური ხასიათი. ეს საფრთხეები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ისეთ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიც ბაჩიაშვილის საქმეა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა სრულად შელახულია“, — ნათქვამია განცხადებაში.
რობერტ ამსტერდამის იურიდიული ჯგუფი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევაზე.
სუს-ის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო თითქმის სამი თვის წინ, მარტის დასაწყისში დატოვა.
იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ როგორც მან, ისე მისმა ადვოკატმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ.