საბოტაჟის მუხლით ბრალდებული პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის, ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და „ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას ედავებიან“.
როგორც სამუშიამ პროკურატურაში ბრალის გაცნობის შემდეგ განაცხადა, საქმე არ უკავშირდება სამართლებრივ პროცესს და მთლიანად პოლიტიკური ხასიათისაა.
“რამე სამართალზე, სამართლებრივ ქმედებაზე საუბარი უნდა დაასრულოთ, მით უმეტეს, ამ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც სამართალი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღა ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ და სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.
გავეცანით ბრალის დადგენილებას. შეიძლება ითქვას, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს ედავებიან ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას – სხვა შეფასება ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს. სამართალი არ არსებობს.
პოლიტიკური მოტივაციაა, პოლიტიკური დევნაა, რაც არ გვიკვირს.
„ლელოს“ შექმნიდან არცერთი წელი არ გასულა ისე, რომ პარტიის ლიდერები დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. აბსურდული სურვილებია, რომელსაც ბრალს არქმევენ”, – განაცხადა სამუშიამ.




