ადვოკატი აცხადებს, რომ თემურ ქათამაძე თურქეთში ორდუს პროვინციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს

აქტივისტ, თემურ ქათამაძის ადვოკატის, მარიამ ყველაშვილის განცხადებით, ქათამაძე ორდუს პროვინციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, ქათამაძე მეგობრებს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ გაათავისუფლეს.
როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ქათამაძეს თურქეთის მხარე „გიულენის მოძრაობის“ წევრობასთან კავშირს ედავება.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია ის, რომ თემურ ქათამაძე გადაყვანილი ჰყავთ ორდუს პროვინციაში ტერიტორიაზე, სადაც არის გაცემული დაკავების ორდერი. ის იმყოფება გამოკითხვაზე. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს მუხლი, სამწუხაროდ ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, მან ისაუბრა საქართველოში თემურ ქათამაძის დაკავების საქმეზე.
„თემურ ქათამაძე პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ედავებოდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ასევე მას ედავებოდნენ, თითქოს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და უწოდა მათ – „მონები“. თუმცა ამ ფაქტს თემური უარყოფს. მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, რომლებიც ობიექტურები ვერ იქნებიან, სასამართლომ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მას შემდეგ, რაც იზოლატორი დატოვა, მაშინვე დააკავეს და დაიწყეს ქვეყნიდან გაძევების პროცედურა. ამ პროცესის ფარგლებში ბატონმა თემურმა მოითხოვა, რომ მისთვის საერთაშორისო დაცვა მიეცათ. მიგრაციის დეპარტამენტმა 3 დღეში შეაფასა ის მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება.
ამასთან, 2023 წელს საელჩოსთან კომუნიკაციის დროს შემთხვევით შეიტყო, რომ თურქეთის რესპუბლიკაში გამოცემული იყო დაკავების ორდერი. საქმის მასალებში გარკვევის შემდეგ, დავადგინეთ, რომ ბატონ თემურს ედავებიან „გიულენის მოძრაობის“ წევრობასთან კავშირს, რასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მოძრაობასთან არც იდეოლოგიური შეხება, მით უმეტეს, წევრობა არასდროს არ ჰქონია. ამ საფუძვლით არის თურქეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრული“,- განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, მოხდა თუ არა თემურ ქათამაძის დაკავება საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებით, ადვოკატი ასე პასუხობს: „ამის თქმა გამიჭირდება, რადგან ეს საქმე დაიწყო 2020 წელს, სამწუხაროდ ამის შესახებ ჩვენ 2023 წელს შევიტყვეთ. იმ საქმეში, რასაც ედავებიან, არანაირი მტკიცებულება არ არის“.
ინფორმაციისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გაფარ ილმაზმა [თემურ ქათამაძემ] არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევება, მათ შორის, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა.