არსებობს თუ არა გარდა შურისძიებისა, სხვა მიზეზი, რის გამოც შეიძლება პაატა ბურჭულაძე პატიმრობაში იყოს? – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თუთბერიძემ მოსამართლეს პაატა ბურჭულაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება წაუკითხა და უთხრა, თავადაც მოესმინა, არის თუ არა რამე ისეთი, რომლის წარმოთქმის გამოც, ადამიანი შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
„საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის. მასალების გაცვლამდე იმედი მქონდა, პროკურატურა მტკიცებულებებს წარადგენდა.
ყოფილი მაღალჩინოსნების, ქვეყნის ყოფილი პირველი პირების მიმართ, რომელთაც კორუფციული ბრალი აქვთ, სასამართლომაც და პროკურატურამაც ჩათვალა, რომ გირაო საკმარისი იყო, რომ ყოფილ პრემიერ – მინისტრს არ აქვს მექანიზმები ქვეყნიდან წავიდეს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან მტკიცებულებები გაანადგუროს. ახლა გვიმტკიცებენ, რომ თურმე, პაატა ბურჭულაძეს და სხვებს ეს მექანიზმები აქვთ.
მიმალვის საფრთხეზე საუბარი თუ არის, რატომ არ შეიძლება პაატა ბურჭულაძეს პასპორტი ჩამოვართვათ, ან საკუთარ სახლში ელექტრონული მონიტორინგი დაუწესონ?
[მოსამართლეს] მინდა გთხოვოთ, თქვენს თავს ჰკითხოთ, პაატა ბურჭულაძე რომ არ იყოს პატიმრობაში, რუსთავის დაწესებულებაში და იყოს საკუთარ სახლში, არსებობს თუ არა მისგან რამე საფრთხე, შეუქმნის თუ არა ის ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას საფრთხეს, არსებობს თუ არა გარდა შურისძიებისა, სხვა მიზეზი, რის გამოც შეიძლება ის პატიმრობაში იყოს?” – განაცხადა თუთბერიძემ.




