ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლალი გელაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროში მოწმის სახით გამოიკითხა.
“ბრალზე არ არის ლაპარაკი, მოწმის სახით იყო გამოკითხული. სუს-ის ბრიფინგზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მე გეუბნებით, რომ ჩვენ, დაცვის მხარე, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს ვიკავებთ, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას ბრალი არ წარდგენია. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ სრულ განცხადებას”, – თქვა მან.
ამასთან, ის ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ძვირადღირებული ნივთები არაა ამოღებული ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან.
“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება საჯარო სივრცეში, ფოტოები და ა.შ. ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით, ზოდები – ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, არის ტყუილი. ყოველ შემთხვევაში, მისი ოჯახიდან არ არის ამოღებული”, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ესაუბრა TV პირველსაც. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების აღიარება – კორუფციის აღიარებას, ადვოკატი პასუხობს:
“არა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას. ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია. ერთია რა განაცხადეს ბრიფინგზე, მეორეა, ის რომ თქვენ ერთი მხარე მოისმინეთ მხოლოდ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს. თქვენ ჩვენება ხომ არ მოგისმენიათ, შესაბამისად, რა აღიარა და რა არა, არ იცით! ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ადვოკატი.
***
სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერის თანამდებობას 2-ჯერ იკავებდა.
მანამდე, სუს-ში ამავე საქმეზე ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე დააკავეს და საქმის ფარგლებში, მისი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.
კერძოდ, პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში – 1 319 300 დოლარი.
ასევე, ყოფილი მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც – ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.
კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუს-თან თანამშრომლობით “ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”.
