მიზანი, ტერორისტული აქტის ჩადენა არ იყო. მას ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა, საკუთრებაში არსებული, რომლის ტარების უფლება გააჩნდა და სამი მანდატურის შეჩერებაც შეეძლო, რომლებსაც იარაღი არ გააჩნდათ, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილისთვის პრიორიტეტი მოქალაქეთა და მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა უსაფრთხოება იყო, რის გამოც, „ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე“.
„დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდოს, მაგრამ ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და ვვარაუდობთ, რომ სასამართლო ალეკოს პატიმრობაში დატოვებს.
ხელი მოვაწერე გაუთქმელობასთან დაკავშირებით დოკუმენტს, რადგან ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის ჩადენის მცდელობას ედავებიან, ეს მძიმე მუხლია და საგამოძიებო უწყება ფიქრობს, რომ შესაძლოა რაიმე ინფორმაცია გავრცელდეს და გამოძიების პროცესს ხელი შეეშალოს.
რაც შეეხება ვიდეო/ჩანაწერებს, მე ვერ დავადასტურებ, რომ ის პირი ალეკო ელისაშვილია, საუბარია გარე პერიმეტრზე მოსიარულე ადამიანზე. არ ვიცი, რა მარშრუტით გადაადგილდა ალეკო სასამართლო შენობამდე. შენობაში მყოფ პირზეც ვერ დავადასტურებ, რომ ის ალეკო ელისაშვილია, თუმცა მისგან ვიცი, რომ ალეკო შენობაში იმყოფებოდა, ალეკომ, ჩანაწერების ნახვის შემდეგ უნდა განაცხადოს, თავად არის თუ არა ის პირი, რომელიც კადრებშია აღბეჭდილი.
ალეკო ელისაშვილი არ ეთანხმება ბრალს, რომ ეს ტერორისტული აქტია. ალეკოს მიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ იყო. მას ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა, საკუთრებაში არსებული, რომლის ტარების უფლება გააჩნდა და სამი მანდატურის შეჩერებაც შეეძლო, რომლებსაც იარაღი არ გააჩნდათ. მან პრიორიტეტად არჩია მოქალაქეთა უსაფრთხოება და აარჩია შაბათი დღის, დილის 4:00 საათი და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი იყო მოქალაქეებისა და თავად მანდატურების უსაფრთხოებაც, რომ არ დაზიანებულიყვნენ და აიღო ხელი დანაშაულის ჩადენაზე“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას,დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.




