ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის ცნობით, დღეს საღამოს, 6 აგვისტოს აცნობეს, რომ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო სხდომა პარასკევს, 8 აგვისტოს დაინიშნა.
მისი ცნობითვე, პროცესი პარასკევს 10:30 საათზეა დანიშნული.
„გიგაური იტყვის საბოლოო სიტყვას და იმავე დღეს გამოცხადდება განაჩენი“, – წერს ადვოკატი.
ანატოლი გიგაურის საქმის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, 28 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო.
იგივე ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე იცავდა ექიმი გიორგი ახობაძის ინტერესებს – ახობაძე დღეს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია.
გამოძიების ფორმულირებით, იგი თავს დაესხა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
