ადვოკატის ცნობით, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, რეჟიმის პატიმრებმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც მან ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, ჯავახიშვილს 16 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება რეზო კიკნაძეს, უფლებადამცველის თქმით, მისი მდგომარეობა შედარებით ნორმალურია.
ავსაჯანიშვილი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად მათი მხრიდან ინფორმირებისა, სახალხო დამცველი ჯავახიშვილის მოსანახულებლად არ შესულა.

“ჯავახიშვილმა დაიკლო 16 კგ გუშინ ორჯერ გული წაუვიდა და ყურადღება არავინ მომაქციაო. ხელზე აქვს დალურჯებები ამის ფაქტად და დღეს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, რომ ყველა ვარიანტში უნდა შეეწყვიტა. კიკნაძემაც შეწყვიტა [შიმშილობა]. უბრალოდ გუშინ მტკიცებულებებიც გვაქვს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თავს იგიჟებდა და არ შედიოდა, ვეუბნებოდი, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ყურადღებას არ აქცევენ-თქო და რადგან უტიფრად უარყოფენ ხოლმე ამ ყველაფერს, გვაქვს მათივე თანხმობით ჩვენი კომუნიკაციის ჩანაწერი”- თქვა ავსაჯანიშვილმა.
რეზო კიკნაძემ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს.