ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან ცოტა ხნის წინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება შეუძლებელია დაკავშირებული იყოს მის მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული და „შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა“.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ipn.ge
