ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მაისაშვილის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა, მან შესაბამისი სტატუსი რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მის ძმას, გიორგი მაისაშვილსაც მიანიჭა.
ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმის თანამშრომელი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის მეტროსთან ფიზიკურად გაუსწორდა. შესაბამისი კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სამართალდამცველი მოქალაქეს. მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და ცხვირი ჰქონდა გატეხილი.