ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეში არსებულ კადრებში არ ჩანს მომენტი, როცა ის იარაღს იღებს.
გამოძიების ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოს სახლში სცადა თვითმკვლელობა ახვლედიანის კუთვნილი იარაღით.
კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, „თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად“ ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.
ადვოკატის თქმით, საქმეში არსებულ კადრებში მხოლოდ ის ჩანს, რომ თორნიკე რიჟვაძე საძინებელი ოთახიდან გამოდის და იმ ოთახში შედის, სადაც ალექსი ახვლედიანი იარაღს ინახავდა.
„არცერთ კადრში არ ჩანს [თორნიკე რიჟვაძის მიერ იარაღის] აღების მომენტი. უბრალოდ, რომ გამოდის თავისი საძინებელი ოთახიდან და შედის მეორე ოთახში იქ, სადაც ინახებოდა ახვლედიანის [იარაღი]. ეს არ არის ფანჩატური, ეს არის ჩვეულებრივი ოთახი. გვერდით არის იქვე და ცალკე კარი შედის. ცალკე კარი აქვს იმ ოთახს, სადაც ბატონი ახვლედიანი შედის. ამიტომ ჩანს მისი გამოსვლა და შესვლა იმ ოთახში [სადაც იარაღი იყო]“, – აცხადებს ლალია აფციაური.
მისი თქმით, კადრები ბუნდოვანია და არც ის ჩანს, რომ ოთახიდან გამოსულ რიჟვაძეს ხელში იარაღი უჭირავს.
„ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია… წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა [რიჟვაძემ], გამოვიდა [ოთახიდან] და შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის“, – აცხადებს ლალი აფციაური.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აქვს წარდგენილი.
თავად ალექსი ახვლედიანის თქმით, მას სროლის ხმა არ გაუგია. როგორც ახვლედიანი ამბობს, უგონო მდგომარეობაში მყოფი რიჟვაძე თავად გადაიყვანა საავადმყოფოში.
„ვინაიდან დილით ადრე უნდა წავსულიყავით… დავისვენოთო რომ ვთქვით, მან მთხოვა, რომ საფერფლე და სიგარეტი მომეციო. მე ეს მივეცი, ის გავიდა და მე შევედი ტუალეტში. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დასატენად და რამდენიმე წუთი ტუალეტში მესმის ტელეფონის ზარი, გამოვედი დავხედე თორნიკე რეკავს, ავიღე ყურმილი, ხო ძმაო გისმენ, გისმენ… ხმა არ გამცა. მერე გავთიშე და გადავურეკე, შეიძლება კავშირის პრობლემაა. გადავურეკე, ხმა არ გამცა და აღარ იღებდა, რომ არ იღებდა გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება და მერე… არა [გასროლის ხმა არ გამიგია], ძალიან შორს იყო. კი [მე წავიყვანე საავადმყოფოში], გონზე არ იყო“, – აცხადებს ახვლედიანი.
რას ჰყვება ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
