ადვოკატის თქმით, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციელებმა სცემეს

ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევა. გარდა ამისა, ტყეშელაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე.
ეძგვერაძის ადვოკატი საუბრობს მისი დაკავების პროცედურულ დარღვევებზეც.
“მე ირაკლი [ეძგვერაძე] მოვინახულე. მას ეტყობა სხეულზე სისხლნაჟღენთები. მას ეტყობა, ასევე, კისრის მიდამოებში დალურჯებები. ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ყველასთვის კარგადაა ცნობილ, რომ ირაკლი ცხოვრობს გლდანში. მას, ასე ვთქვათ, შეუვარდნენ სახლში და სახლში ძალადობდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა და მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეიძლება მალე გამოგზავნოს მისი გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციის არაკანონიერი ქმედება. მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება […] ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, მოვიდეს და პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ ზაჰესის იზოლატორთან, ეძგვერაძის მონახულების შემდეგ.
ტყეშელაძის ინფორმაციით, ეძგვერაძეს შეუძლია ამოიცნოს ის პოლიცილები, ვინც მასზე იძალადა. მისი ინფორმაციით, არსებობს კადრები, სადაც ამ ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
მომხდარზე საუბრობს თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ნადირაძეც, რომელიც ეძგვერაძის დაკავების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
“დამირეკეს და მითხრეს,რ ომ ირაკლი ეძგვერაძესთან იყო მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, იყვნენ სამოქალაქო ფორმაში. ხდებოდა ადგილზე დაპირისპირება, როგორც მითხრეს. მე როდესაც მივედი, უკვე მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მოვითხოვე, განემარტათ მისთვისაც და ჩვენთვისაც, რატომ ხდებოდა მისი დაკავება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პასუხები არ მიგვიღია. შესაბამისად, მოხდა მისი დაკავება, მოხდა ჩვენი დაკავებაც და როგორც ჩანს, 48 საათში, იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიში ხელი შეგვიშალონ”, – განაცხადა ნადირაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, მომხდარს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირებს. მორიგ ჯერზე ხსნიდა, რატომაა საჭირო ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ბრონირებული შუშას ამოფარებულმა ისაუბროს. კობახიძის თქმით, თავდასხმის რისკის ქვეშ ივანიშვილთან ერთად „რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც“ არიან.
სოფო ჯაფარიძის თქმით, “მათმა [ქართული ოცნების] ზონდერ ჯგუფებმა არ დააყოვნეს და სულ რამდნეიმე საათში, პრემიერის ანონსი ნიუსად, ფაქტად აქციეს”.
“ნაციონალური მოძრაიბის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, დეპუტატი კი პოლიციას ხელს უშლიდა. უწყების ცნობით, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ