რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის ადვოკატის, მარიკა არევაძის თქმით, გიორგი ჩხეიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს.
ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით ისევ რეჟიმში, როდესაც ადამიანებს იტაცებენ, სრულიად უმიზეზოდ, შემდეგ საათების განმავლობაში გვაგებინებენ და ვცდილობთ, შემდეგ დავიხსნათ ეს ადამიანები ამ უკანონო გატაცებებიდან.
მე გიორგისთან ვიყავი სანახავად შესული, ის სრულიად უმიზეზოდ და ეს არაერთ კადრში ჩანს, სრულიად უმიზეზოდ დაკავეს, როდესაც ის სასამართლოს ეზოში გადაადგილდებოდა ტელეფონით ხელში, ამ დროს, უკნიდან დაესხნენ პოლიციელები თავს და გაიტაცეს ეზოდან.
გიორგის აღენიშნება ამ ძალადობრივი გატაცების დროს არაერთი დაზიანება, მათ შორის, თავის არეში. ასევე აქვს დაზიანება მკლავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომელიც მას აქვს მიღებული ამ არაპროპორციული ძალით გამოყენების დაკავების დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგიმ თავადვე მოახერხა, სანამ მე შევიდოდი, ექიმს დაასურათებინა ეს ყველაფერი და ექიმმა დამიდასტურა, რომ ეს ყველაფერი არის გადაღებული და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ ხვალ და ჩავდებთ ფაქტებში. გიორგის დაკავებისას თან ჰქონდა ტელეფონი, ასევე აქსესუარები – ბეჭდები, რომელიც იზოლატორში არ იმყოფება, მე ესეც გადავმოწმე”, – თქვა ადვოკატმა.
ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე გამართულ სხდომა.
გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოიკითხა, სხდომის შემდეგ სასამართლოს შენობა შეძახილების ფონზე — „მონა ედიშერაშვილი“ — პოლიციის თანხლებით დატოვა.
სასამართლოსთან პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.
პროცესზე ედიშერაშვილმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი პირადად არ დაუთვალიერებია, ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და არც პოლიციელ მირიან ქავთარაძეს დაუკითხავს.
საბა სხვიტარიძემაც დაუსვა გამომძიებელს კითხვები — რატომ არ მოითხოვა მის დაზიანებებზე პასუხები, რატომ არ დაიბარეს ადვოკატი ან სასწრაფო. ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ ბრალდებული მშვიდად იჯდა და მსგავსი მოთხოვნა არ გაუჟღერებია.
ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ საქმეში მრავალი პროცედურული დარღვევაა და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, რაც არ გამოკვლეულა.
