ადვოკატის თქმით, გიორგი ჩხეიძეს დაკავებისას დაუზიანდა მუხლი, მხარი, მკლავი და თავი

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ადვოკატ მარიკა არევაძის ინფორმაციით, გიორგი ჩხეიძემ დაკავების დროს დაზიანებები მიიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. არევაძემ ჩხეიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
“გიორგის დაკავება მოხდა საბა სხვიტარიძის სხდომის შემდგომ, როდესაც საბა სხვიტარიძესთან მისული გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი, რომელიც, ფაქტობრივად თავადვე ადასტურებდა სასამართლო სხდომაზე, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება მას არ ჩაუტარებია, არ დაინტერესებულა ელემენტარული საკითხებით, გარდა იმისა, რაც უთხრეს მას, რომ უნდა ჩაეწერა გამოკითხვების ოქმებში, ეს ადამიანი, ეს ცრუ მოწმე გამომძიებელი რომ გამოვიდა პროცესიდან, სწორედ მის გამოცილებას მოჰყვა ეს ამბავი. სასამართლოს შენობა სავსე იყო კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებით […]
ის სრულიად უმიზეზოდ დააკავეს, როდესაც სასამართლოს ეზოში გადაადგილდებოდა ტელეფონით ხელში. მას უკნიდან დაესხნენ თავს პოლიციელები და გაიტაცეს სასამართლოს ეზოდან. გიორგის აღენიშნება არაერთი დაზიანება. მათ შორის თავის არეში. ასევე, მკლავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომლებიც მას აქვს მიყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაკავების დროს”, – ამბობს არევაძე.
ადვოკატის თქმით, ჩხეიძე, სავარაუდოდ, დააკავეს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით. თუმცა, ის განმარტავს, რომ ერთადერთი ფრაზა, რომელიც დაკავებამდე ჩხეიძემ თქვა არის ეს – “ჩვენ ვიმახსოვრებთ ცრუ მოწმეებს”.
“მას, სავარაუდოდ, ედავებიან იმას, რომ თითქოს პოლიციელს დაუძახა მონა. თუმცა, როგორც მითხრა, მას მონა არ დაუძახებია. მან თქვა ასეთი რამე – ჩვენ ვიმახსოვრებთ ცრუ მოწმე პოლიციელებს. რა თქმა უნდა, ვიმახსოვრებთ. მარტო გიორგი კი არ ამბობს, აგერ ვამბობ პირდაპირ ეთერში და თუ ეს დანაშაულია, მობრძანდით და დამაკავეთ”, – განაცხადა არევაძემ TV პირველის ეთერში.
არევაძის თქმით, ამ დროისთვის დაკარგულია გიორგი ჩხეიძის პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი. ჩხეიძე მოითხოვდა მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების დალუქვას მისივე თანდასწრებით, რაც პოლიციელებმა არ გააკეთეს. ადვოკატი ამბობს, რომ ნივთები, რომლებიც ჩხეიძეს თან ჰქონდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში არ არის. ადვოკატმა გახსენა შემთხვევები, როცა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ნივთებს პოლიციელები იპარავდნენ და იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად მსგავს შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. დაკარგული ნივთების შესახებ უკვე ინფორმირებულია -ს გენერალური ინსპექციაც.