ადვოკატის თანახმად, მეგი დიასამიძეს 9 საათის განმავლობაში ბორკილები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული

“გაკვირვებას იწვევს ის მასშტაბი და ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად. ჩატარდა ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია”, – ამბობს გუშინ დაკავებული სტუდენტის, მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მისი ინფორმაციით, მეგის 9 საათის განმავლობაში ბორკილები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული.
“იგი [საზოგადოებრივი მიკროავტობუსით] მიემგზავრებოდა საკუთარ სახლში, აჭარაში, რა დროსაც ჩაუსაფრდნენ ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში. ჯერ პოლიციელები მივიდნენ მძღოლთან და ეჩხუბებოდნენ არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს მძღოლმა რაღაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო ბრძანების მიღების შემდეგ მივიდნენ მეგისთან და პირველი, რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი, მომდევნო 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა.”
შოთა თუთბერიძე ასევე საუბრობს დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადაცილებაზეც.
” მთელი პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა, ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა. არცერთ მომენტში მისთვის არ განუმარტავთ, რატომ არის იყო დაკავებული.”
“პოლიციელების ქცევას არ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მათ გააკეთეს. სულ რომ დამნაშავე იყოს მეგი დიასამიძე, ნებისმიერ ბრალში, ის, რაც მას, როგორც დაკავებულს გაუკეთეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული.”- შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების შესახებ.
დიასამიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება. ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯერჯერობით საქმის დეტალები უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მეგი დიასამიძის ადანაშაულებენ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში, ხოლო დაზიანებას ეძახიან ბანერზე წარწერის გაკეთებას.