ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და პოლიციამ სწორედ ამის გამო დააკავა, იარაღის კოლექციონერია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებულს აქციასთან შეხება არ ჰქონია და ფეხით გზის გადაკეტვის გამო გადაადგილდებოდა.
„როგორც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილი ჰქონდა, სანადიროდ წასვლა. კოლექციონერია, იარაღებს აგროვებს. აქვს არაერთი იარაღი, აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მოუწია მანქანიდან გადმოსვლა, იმიტომ, რომ გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო ბევრი ხალხი ტრიალებდა, თავად ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, თან ჰქონოდა. მიხეილ ლეშკაშელს აღმოაჩნდა მასზე რეგისტრირებული 22 იარაღი. იარაღების სიყვარული აქვს ამ ადამიანს. ერთადერთი მას ჰქონდა მამამისის გარდაცვალების შემდეგ დატოვებული „გეკოს“ ტიპის თოფი, მამამისი იყო სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი. ბრალს გაეცნო. ამ ადამიანს რაიმე განზრახვა, კავშირი თავად აქციასთან, რეალურად არ ჰქონია“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილი „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, შსს-მ დააკავა პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც ამოიღეს. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მას ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.




