ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ და ძებნაში მყოფ დავით მიქაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, გამოძიება ახალი საქმეების გაჩენით ცდილობს დავით მიქაძის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეში გამოძიებას მიქაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ფაქტობრივად არ აქვს და ახლა ძებნაში მყოფი ბრალდებულის საქმის დამძიმებას ცდილობენ.
როგორც ყავლაშვილი განმარტავს, ჯერ დავით მიქაძისთვის ახალი ბრალი, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად იარაღის დაუფლებასა და გასაღებას გულისხმობს, არ წარუდგენიათ. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელებას უარყოფს.
„ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების წარდგენა არ მომხდარა, რამდენიმე კოლეგა ვართ, თუმცა, არც ერთისთვის ჯერჯერობით ბრალდების წარდგენის შესახებ ცნობილი არ არის. კონკრეტულად რამის თქმა არ შემიძლია, თუმცა, მე ამ ვითარებას იმ გარემოებით ვხსნი, რომელიც აწ გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ერთი შეხედვით, იმის მცდელობას ჰგავს, რომ დავით მიქაძის წინააღმდეგ რამე მტკიცებულება იყოს მოპოვებული, სხვა ახსნა არ მაქვს. ის, რაც გაჟღერდა, ჩემი აზრით, ძალიან შორს უნდა იყოს რეალობისგან, თუმცა, როცა ვნახავთ ბრალდებას და კომუნიკაცია გვექნება, მეტ დეტალს მოგაწვდით… დარწმუნებული ვარ, მსგავსი ქმედება არც აქვს მას განხორციელებული. არც იმ საქმეში, რომელშიც მის ინტერესებს წარმოვადგენთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაჟღერებული არ არის. ასე რომ, ჩვენთვის, ეს ახალი და უცნობი გარემოებაა, რომელიც ვფიქრობ, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება“, – აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, დავით მიქაძის დაცვის უფროსის დავით ჩუბინიძის დაკავებით, ხომ არ მოხდება მიქაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დაკავებულის პოზიციის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ბუნებრივია, როცა გამოძიება ვინმეს ბრალდებას წარუდგენს, ის ეცდება ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვოს, ჩუბინიძე იქნება თუ სხვა ადამიანი, ბრალდებას რაც დაუდასტურებს, მის მოპოვებას შეეცდებიან. თუმცა, ეს სიმართლესთან შესაბამისობაში თუ არ იქნება, ასეთ მტკიცებულებას გამოძიება ვერ მიიღებს. დაველოდოთ ბატონი ჩუბინიძის პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით“, – აცხადებს ყავლაშვილი.
მისივე თქმით, დავით მიქაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება, არ აქვთ.
„ძალაუნებურად ასეთი ფიქრი მიჩნდება, რადგან საქმეში, რომელიც მკვლელობას შეეხება, კარგად ვიცნობ და ამ საქმეში მიქაძის ინტერესებს წარმოვადგენ. ის საქმე რომ სუსტია, ამაზე ცალსახა პოზიცია მაქვს, სუსტი კი არა, ჩემი აზრით, მტკიცებულების გარეშეა, ამიტომ ძალიან ჰგავს იმას, თითქოს, სხვა მტკიცებულებებით და სხვა საქმეების გაჩენით ცდილობს გამოძიება დავით მიქაძის მდგომარეობა დაამძიმოს“, – განაცხადა ყავლაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ახალი ბრალდება წარედგინება, მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე კი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების საქმე. აღნიშნულ ეპიზოდზე 5 პირია ბრალდებული, მათგან კი სამი – გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილია დაკავებული. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.




