ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოში ფოტო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აიკრძალა, ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი.
„ის ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეოგადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. უფრო მეტიც, ამის არანაირი საჭიროება ადვოკატს არ აქვს, რადგანაც, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, ისედაც შეუზღუდავად აქვს წვდომა აუდიო ოქმზე და საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მიმდინარე ვიდეო გადაღების მასალებზე. მიუხედავად, დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და, როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისათვის არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა“, – წერს ასათიანი.
ის ოფიციალურად მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისათვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა.
„ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ისეთ განმარტებას ანდა ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანი“, — წერს ასათიანი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, სასამართლო სხდომათა დარბაზში ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილურისა და ლეპტოპის შეტანის შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, მედიას, ადვოკატებს და პროკურორებს.
„რატომ დაამშვიდა [ადვოკატები], არ ვიცი და რატომ განმარტავს კანონმდებლობას ასე… ჩემთვის უცნობია ვინ რა მოაგვარა. მე გიხსნით, როგორც იურისტი და როგორც მოსამართლე, რეგულაციის შინაარსს, რომ ის მიემართება ყველას, გამონაკლისის გარეშე და ახლა ვიღაცა თუ… არ ვიცი, რაღაცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ეს მისი პრობლემაა“, — თქვა გვრიტიშვილმა მანამდე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც შეზღუდვა ადვოკატებს არ შეეხებოდათ.



