ადვოკატთა ასოციაციაში, თემაზე: – „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“ კონფერენცია ჩატარდა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენცია ადვოკატის დღეს მიეძღვნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ესპანეთის სამეფოს საელჩოს დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში მარკოს გრანადოს გომესმა და ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელმა ტრივე სტაფმა. კონფერენციას ადვოკატთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. “ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესია და თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვასა სამართლის უზენაესობისკენ სწრაფვას, რაც თავის მხრივ, ევროპული ღირებულებების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან დაახლოება კი უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობის პრინციპების დაფუძნებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას მოითხოვს. იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად მუშაობს. ამისი დასტურია თითოეული ის პროექტი თუ ინიციატივა, რომელსაც ასოციაცია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა. ადვოკატთა კორპუსს კიდევ 150 ახალი წევრი შეემატა. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი საზეიმოდ დადეს. ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ადვოკატის მოწმობები და სერტიფიკატები გადასცა.
ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში გაიმართა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერტიფიკატები და ადვოკატის მოწმობები გადასცა.