საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ პირებთან ადვოკატებს არ უშვებენ.
მისი თქმით, ადვოკატებისთვის ისიც არაა დაზუსტებით ცნობილი, სად იმყოფებიან დაკავებული პირები.
„კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა ნაწილი, სავარაუდოდ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. საიას ადვოკატები არიან ადგილზე და ცდილობენ დაკავებულებთან შეხვედრას. ადვოკატებს თან აქვთ შესაბამისი ორდერები. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს აქვს უფლება, დაუყოვნებლივ, დაბრკოლებების გარეშე შეხვდეს დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ჩვენს ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ადვოკატებს არც იმას უდასტურებენ, არიან თუ არა კონკრეტული პირები ადგილზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები აწყდებიან ბარიერებს დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში“, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადვოკატებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ და შეუშვას ადვოკატები მათთან.
შსს-ის ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს 20 პირი დააკავეს.
მათი ცნობით, დაკავებულთაგან 2 პირზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 18 პირი კი დაკავებულია სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.