ადვოკატები სასამართლოში მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებენ

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა – ნონა ქურდოვანიძემ და მაია მწარიაშვილმა პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ხვალ, 13 თებერვალს სასამართლოში წარადგენენ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.
გარდა ამისა, ადვოკატებს აქვთ შემდეგი მოთხოვნები:
· სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან.
· საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე.
· სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი.
· საქართველოს პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი, ამავე საქმეში.
· საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო.
· საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და მეორე – 2025 წლის 11 იანვარს ს აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო.
· საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.