საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ადგურ არძინბამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარიბა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც, მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან რუსული კანონმდებლობის მიღების მცდელობებს“.
„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით. რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს. განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“, – ამბობს ადგურ არძიმბა და დასძენს, რომ აფხაზეთის ხალხი ერთიანია უმთავრესში, მათი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით“:
„ასე რომ, გაურკვეველია, ვის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე“, – აცხადებს არძინბა.
მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური ოპოზიციის ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის.
“ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს.
15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად სწრაფად განვითარდა, როცა ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დღის მეორე ნახევარში, ისინი ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. იყო მცირედი დაპირისპირება, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, მაგრამ შემდეგ – ძალოვნებს მათთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.
აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან, 15 ნოემბერს, დილიდან იმართებოდა – როცა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი.