„ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება გვსურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“ – „ჩირჩხელა“

„ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება გვსურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“ – „ჩირჩხელა“
“ჩირჩხელას” აღმასრულებელი დირექტორის, ირმა კვაჭანტირაძის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე – კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი.
“ადგილობრივ ბაზარზე პრობლემებს ვაწყდებით. ქსელებს იმხელა ხარკი უნდა გადაუხადო, ისეთი მონოპოლიზაციაა, რომ სწორედ, ამის გამო გადავედით სხვადასხვა ქვეყნებში. შეტანაზე გადასახადს ემატება გაყიდვების 20% და ა.შ. თითოეული პროდუქტის შეტანაზე 1500 ლარი, რომ გადავიხადოთ რამხელა გაყიდვები უნდა გვქონდეს, რომ კომპანიამ ეს შეძლოს. ძალიან რთული სიტუაციაა და ეს ასე არ უნდა იყოს. ვეთანხმები, რომ უნდა დაწესდეს ზღვარი, რომლის იქითაც ქსელურ მარკეტებს პროცენტის მოთხოვნის უფლება არ ექნება. ქსელებს ისედაც აქვთ გაყიდვები და მათთვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ეს მიდგომა აქვთ მათ.
ამჟამად ქსელებთან მუშაობა ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამიტომ, არ ღირს. 7 სახეობის ჩურჩხელა და 25 სახეობის ჩირი მაქვს. როგორც აღვნიშნე ქსელებში 1 სახეობის შეტანის ღირებულება 1500 ლარია და 10, რომ შეიტანო 15 000 ლარი უნდა გადაიხადო. შემდეგ მაღალ მარჟას ადებენ, “ქეშბექს” იბრუნებენ და ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ ისარგებლონ”, – აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, “ჩირჩხელა” ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. “ჩირჩხელა” ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის. გარდა ამისა, კომპანია სა და გერმანიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრობლემაზე “ბიზნესპარტნიორთან” სხვა კომპანიებმაც ისაუბრეს. მაგალითისთვის, სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია “ქართული თემის“ დამფუძნებელი მანუჩარ ლობჟანიძე ქსელური მარკეტების მიერ გაზრდილ გადასახადებზე საუბრობს.