„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაციაა.
„კოალიცია ცვლილებისთვის” და მისი უკანონო პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია, თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რაც კეთდება ჩვენი პარტნიორებისგან, ზოგიერთი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა, ეს არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების რუსული სპეცოპერაციისა და მოტაცებული არჩევნების პრაქტიკულად დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე“, — განაცხადა ხოშტარიამ.
„გაუგებარ განცხადებებში“ იგულისხმება „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ.
„წინააღმდეგობის პლატფორმამ 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. ეს რეჟიმი არჩევნებს არ ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილების და განცხადების ნაწილი იყო „ლელო”, ჩემი მეგობრები და პარტნიორები „ლელოდან”. მათ გაიზიარეს ეს მოთხოვნა, ისინი იყვნენ ამ პოზიციაზე, შესაბამისად, დღეს ამ საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა ჩემთვის იწვევს დიდ გაკვირვებას, გულის წყვეტას და მე გამოვხატავ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი“, — განაცხადა ხოშტარიამ.
