ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებას არაფერში ეწინააღმდეგებიან, თუნდაც ამას ადგილობრივების ინტერესები შეეწიროს, – თვითმმართველობის მკვლევარი

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებას არაფერში ეწინააღმდეგებიან, თუნდაც ამას ადგილობრივების ინტერესები შეეწიროს, – თვითმმართველობის მკვლევარი
ხარაგაულში მეწყრის გააქტიურებას სპეციალისტების ნაწილი რიკოთის გზის მშენებლობას უკავშირებს. ერთ-ერთია გეოფიზიკის პროფესორი თეა გოდოლაძეც, რომელიც ხარაგაულის შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ეს ხდება ხარაგაულის რაიონში, რიკოთის გზაზე. ეს არის სოფელი ხემაღალი, იქვეა სოფელი ღვერკი, სადაც იგივე მდგომარეობაა. გუგლის რუკაზეც კი ცხადად ჩანს, რომ გზის მშენებლობისთვის ჩამოჭრილი ფერდების მიმდებარედაა მიწა მძიმედ დანაპრალებული. მითხრეს, რომ გეოლოგები იყვნენო და საშიშია აქ ცხოვრებაო. გზა ხომ გაიყვანეს ვითომ, ვითომ. ამ გაჭირვებული ხალხის ბედი ვის ადარდებს. ზარალი ვინ უნდა აანაზღაუროს, გზის გაყვანის გამო ეკომიგრანტებს რომ გახდი ადამიანებს. ამ კატასტროფის გარეშეც შეიძლებოდა გზის გაყვანა, მაგრამ აბა სალაფავი ვინ უნდა თქვლიფოს,” – წერს გოდოლაძე.
თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილიც, დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო რიკოთის გზის მშენებლობის საწყის ეტაზე, თუმცა, დღეს ქვეყანაში, მისივე შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების ყველა სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს იღებს, როგორც მოცემულობას. ის არაფერში წინააღმდეგობას არ უწევს ცენტრიდან მიღებულ “დავალება-დირექტივას”, არადა, პოპიაშვილის მტკიცებით, უნდა იყოს პირიქით. თვითმმართველობის მკვლევარი ხაზგასმით ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა უნდა იყოს თავისი მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის, პარტნიორი, მათი ინტერესების დამცველი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა იღებდეს ყველა გადაწყვეტილებას. საწინააღმდეგო პრაქტიკა, რომელიც ახლა საქართველოშია დამკვიდრებული, უნდა შეიცვალოს.
წყარო: agrogaremo.ge