ადგილობრივი მარცვლეული გაიაფდა, რაც ფერმერების გაკოტრებას იწვევს – ნიკოლოზ ბენიანიძე

„ადგილობრივი მარცვლეული გაიაფდა, რაც ფერმერების გაკოტრებას იწვევს,“ – ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა და ზომიერად, მუდმივი მონიტორინგი რა ფასად შემოედინება მარცვლეული ქვეყანაში.
„ხორბლის წარმოება რუსეთში იაფი ჯდება. ვერ ყიდის მსოფლიო ბაზარზე და უახლოესი ქვეყანა არის საქართველო, სადაც ყველანაირ ფასად მოედინება ხორბალი. ფასთან ერთად, მათ აქვთ დამატებითი მოსაკრებელი, რომელზეც ყოველკვირეულად რუსეთი ახალ ციფრს აცხადებს და აქედან გამომდინარე, ფასებიც არის მერყევი. ამიტომ, ამას უნდა მუდმივი მონიტორინგი, თვალის დევნება, მეტი შრომა, რომ ადგილზე ფასები დავარეგულიროთ. ეს ქართული ხორბლის რეალიზაციაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. იმ რაოდენობიდან, რაც ქვეყანას სჭირდება, ადგილობრივ ბაზარზე 15% მოგვყავს. სახელმწიფომ დიდი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ საწყობები აეშენებინა,ფერმერებს ტრაქტორები შეეძინათ, იაფი სესხი გაიცა ფერმერებისთვის, რამაც წაახალისა წარმოება და 15%-მდე ავედით. მაგრამ ამასთან ერთად ფერმერებისთვის გაიზარდა საბანკო ვალდებულებები, რის გამოც ვეღარ იხდიან სესხებს, რომლითაც დაფინანსდა კომბაინი და საწყობები. ფასიდან გამომდინარე იმ 15%-ის გაყიდვასაც ვეღარ ვახერხებთ. ბოლო კვირებში შემოვიდა დიდი რაოდენობით ხორბალი. ჩვენი ხორბლის თვითღირებულება დათვლილია, რომ არის 70 თეთრი და შემოსული ხორბლის ღირებულება 57თეთრიდან 50 თეთრზე დაეცა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
დაახლოებით, 30 000 ტონა მოსავალია დარჩენილი და ახალი მოსავალიც კარს მოგვადგა. ეს პრობლემები შარშან ამ დროს დაიწყო და ფერმერმა თვითღირებულებაშიც ვერ გაყიდა პროდუქცია. ეს იწვევს დარგის გაკოტრებას და მიწების გაყიდვას ფერმერებში. ბანკების გამო ფერმერები იძულებულები არიან ყველანაირ ფასად გაყიდონ მარცვლეული, შემდეგ ტექნიკაც და ა.შ. 15%, რასაც მივაღწიეთ და რაც გაცხადებულია, რომ 50%-მდე გვინდა ასვლა – ასე თუ გაგრძელდა ჩვენ პირიქით, უკან უკან წავალთ. რამდენიმე ათასი ჰა მიწის ნაკვეთი ისევ დაუმუშავებელი დარჩა ქვეყანაში.
გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს კონტროლი საიდანაც მოდის – ერთის მხრივ ეს იქნება დროებითი საფასურის დაწესება, როგორიც შემოღებულია ქატოზე, ფქვილზე და ქერზე. ან უნდა მოხდეს დაღერღილი მარცვლეულის ჩაკეტვა, ან გადასახადის დაბეგვრა. საჭიროა საიმპორტო გადასახადის დაწესება, სანამ ადგილობრივი მოსავალი არ გაგვეყიდება,“ – განაცხადა მან.
წყარო: bp.ge