„ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების გარეშე ძალიან რთულია ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ წელს „კრისტალი“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს“ – ილია რევია

„ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების გარეშე ძალიან რთულია ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ წელს „კრისტალი“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს“ – ილია რევია
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ გასული წელი გაორმაგებული მაჩვენებლებით დახურა, როგორც „კომერსანტთან“ ორგანიზაციის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ განაცხადა, 2023 წელს 20022 წელთან შედარებით წმინდა შემოსავლების მხრივ წარმადობა თითქმის გაორმაგდა.
„2023 წელი გამოწვევებით სავსე იყო, კანონმდებლობასთან მორგებას და ახალი ბიზნეს პროცესების დანერგვას მოვანდომეთ ეს პერიოდი და ასევე რა თქმა უნდა იმ რეფორმაში ჩვენს ჩართულობას რასაც მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღება გულისხმობს. ახალი ტიპის ლიცენზიის მიღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას მოგვცემს ჩვენი მომხმარებლებისთვის პროდუქტები უფრო გავამრავალფეროვნოთ, ასევე უფრო მსხვილი დაფინანსების საშუალება მოგვეცემა, საუბარია მილიონ ლარამდე დაკრედიტების ლიმიტსა ან ლიზინგზე. დეპოზიტების გახსნის საშუალებაც ექნებათ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, მიკრო ბანკებს მოგვეცემა საშუალება წვდომა გვქონდეს ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა მობილური ბანკი და დისტანციური არხები.
2023 წელს ფაქტობრივად გავაორმაგეთ 2022 წლის წარმადობა წმინდა შემოსავლების მხრივ, ამასთან ერთად Fitch-მა მოგვანიჭა პოზიტიური პროგნოზი. ასევე მეხუთედ მივიღეთ ჯილდო გამჭვირვალობასა და საუკეთესო წლიური ანგარიშის მიმართულებით. გამოვარჩევდი ასევე „კრისტალის“ ჯილდოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში, რომელიც გაერომ მოგვანიჭა“, – განმარტა ილია რევიამ.
რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, ილია რევია, ამბობს რომ ციფრული არხების განვითარება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი მიმდინარე წელს, გარდა ამისა „კრისტალი“ საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რის საშუალებასაც ორგანიზაციას ახალი ტიპის ლიცენზია მისცემს.
„კრისტალი გააგრძელებს მუშაობას გარემოს დაცვით და სოციალურ სტრატეგიაზეც. უფრო მეტ სიახლეებს შემოგთავაზებთ კაპიტალის ბაზრის კუთხით, ეს იქნება გენდერული ობლიგაციები თუ სხვა. „კრისტალი“ ძირითადად უცხოეთიდან იზიდავს სახსრებს, თუმცა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების გარეშე ძალიან რთული არის ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ წელს „კრისტალი“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს. გვინდა, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზარზე დაახლოებით 20-25% წილი გვეჭიროს ჩვენი დაფინანსების კუთხით“, – ამბობს ილია რევია.
ილია რევიამ „კომერსანტთან“ საფინანსო სექტორის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში გაძვირებულია ფინანსური რესურსების ფასი, რაც იწვევს დამატებით რისკებს ყველა ბიზნესისთვის. მისი თქმით, მეორე გამოწვევა არის კონკურენციასთან ფეხის აწყობა, რადგან საქართველოში საფინანსო სექტორი ძალიან კარგად არის განვითარებული და კონკურენციაც მაღალია.