ადგილობრივების თქმით, ნერგეეთში მამასა და მის 3 მოზარდ შვილსაც ეძებენ

ამ დროისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული 5 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის, მამა და მისი 3 მოზარდი შვილი არიან.
“ამ მეწყერმა ხალხი ცოცხლად დამარხა […] მამასა და მის 3 შვილს ეძებენ, ბავშვებს. ტყუპი გოგონები და ბიჭი არიან”. – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან საუბარში.
მედიასთან კომენტარი სოფლის კიდევ ერთმა მცხოვრებმა გააკეთა.
“პედაგოგი ვარ და ვისაც ეძებენ, ჩემი მოსწავლეები არიან – საოცარი ბავშვები, შესანიშნავი ახალგაზრდები […] დაზიანებისა და ჩამოსული მასალის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ გადარჩენის რაიმე შანსი, რა ვიცი, აბა… […] იქნებ, რაღაც საოცრება მოხდეს და ვინმე ცოცხალი ვნახოთ”. – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. -ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ერთი მოქალაქე, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, კიდევ ეძებენ ხუთ ადამიანს.
“სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები” – აცხადებს შსს.