ადგილი ჰქონდა სარეზერვო ფონდიდან თანხების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ – აუდიტი

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 46 მლნ ლარია, საიდანაც გაწეული საკასო ხარჯი 32 მლნ ლარს უტოლდება (გეგმის 36%), – ნათქვამია საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტის მოხსენებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საკასო ხარჯის ყველაზე დიდი ნაწილი (88%) კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებაზე მიიმართა, ყველაზე მცირე კი (3%) იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაფინანსებას მოხმარდა.
„საკანონმდებლო დონეზე სარეზერვო ფონდების განმარტების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, გასული წლების მსგავსად, 2024 წლის 8 თვის მდგომარეობითაც ადგილი ჰქონდა თანხების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
აღნიშნული ტიპის ღონისძიებებზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2024 წლის 8 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯების ჯამურმა ოდენობამ 23 მლნ ლარი შეადგინა (მთლიანი ფაქტობრივი ხარჯის 72%). აღსანიშნავია, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხების მხოლოდ ისეთ აქტივობებზე მიმართვის შესაძლებლობაზე, რომელთა განჭვრეტაც შეუძლებელი იქნებოდა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, და ამის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კრიტერიუმების საჭიროებაზე, ყურადღება იქნა გამახვილებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების 2024 წლის ანგარიშშიც“, – ნათქვამია მოხსენებაში.