ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს – DRI ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმყრ არჩევნებს აფასებს. მათი ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს, საარჩევნო უბნებზე უცნობი ამომრჩევლების ორგანიზებულად მიყვანას.
„2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის დღეს, უამინდობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე ქალაქსა და სოფელს, რის გამოც მოსახლეობას ხმის მიცემა სანთლის შუქზე მოუწია. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, „არჩევნები” დემოკრატიულად და დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს, საარჩევნო უბნებზე უცნობი ამომრჩევლების ორგანიზებულად მიყვანას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ინფორმაციით:
დე ფაქტო ცესკოს ბოლო მონაცემებით, 11 ივნისის მონაცემებით, დათვლილია ყველა ბიულეტენი. ბიულეტენების დათვლის შედეგად, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ერთიანი ოსეთი” – 31,52%; „ნიხასი” – 30,60%; „სახალხო პარტია” – 16,03%; კომუნისტური პარტია – 7,01%; „ხალხის ერთობა” – 4,49%; „Иры Фарн” – 4,71%; „ერთობა” – 1,98%; ყველას წინააღმდეგ – 3,66%.
„ერთიანი ოსეთის” თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვლადიკავკაზის მონაცემები არ გაუქმდება, სადაც ბათილად იქნა ცნობილი 700-მდე ბიულეტენი, პარტია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს“, – ნათქვამია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.