„ადამიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალოს იმიტომ, რომ სხვა საკანონმდებლო ბერკეტები არ მუშაობს და მისგან ვალდებულების ამოღება ვერ ან არ ხდება, ეს სამართლებრივ ქაოსს გამოიწვევს“ – სოფო მაჭავარიანი

„ადამიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალოს იმიტომ, რომ სხვა საკანონმდებლო ბერკეტები არ მუშაობს და მისგან ვალდებულების ამოღება ვერ ან არ ხდება, ეს სამართლებრივ ქაოსს გამოიწვევს“ – სოფო მაჭავარიანი
,,ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს აანონსებს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე მსჯავრდადებულმა პირმა სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყანა ვერ უნდა დატოვოს იმ დრომდე, სანამ ის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს. ინიციატივას ჯერ დოკუმენტის სახე არ მიუღია, თუმცა ,,ქართული ოცნების“ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შეფასება ,,კომერსანტმა“ იურისტს სოფო მაჭავარიანს სთხოვა. ის ჩვენთა საუბარში რამდენიმე ფაქტორზე აკეთებს აქცენტს.
,,საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის სახით გაჟღერდა და კანონში როგორ ჩამოყალიბდება ჩემთვის უცნობია. ზოგადი სამართლებრივი შეფასების გაკეთება რომ შევძლოთ, ჩემი პირადი მოსაზრება ამგვარია, რომ არ შეიძლება საჯარო სამართლებრივი გზით დამდგარი დანაშაულიდან გამომდინარე ზიანი (რომელიც არის ადმინისტრაციული ან სამოქალაქო) სისხლის სამართლის წესით წინასწარ უპირობოდ დაექვემდებაროს ჩამორთმევას, სანამ არ იარსებებს შესაბამისი სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება. მე რასაც გავეცანი ამ კონტექსტში იყო, რომ თითქოს გადაწყვეტილების გარეშე შესაძლებელია ქონება პირდაპირ დაქვემდებარებოდა ჩამორთმევას. სისხლის სამართლის განაჩენი კი ბატონო ერთ-ერთი მტკიცებულება არის. დელიქტიდან გამომდინარე ზიანზე სპეციალური მუხლია. სამოქალაქო სასამართლოში დავა გამარტივებული წარმოებით ხდება, თუმცა შესაძლებელია ფაქტობრივად არსებობდეს სხვა საფუძვლებიც, რომელმაც შეიძლება ზიანის ოდენობა შეცვალოს. ის, რომ ადამიანს ზიანიდან გამომდინარე აეკრძალოს გადაადგილება და ქვეყნის დატოვება (რაც იყო გაჟღერებული და რაც გავრცელდა საჯარო წყაროებში) ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული და ვერ ხდება მოვალესთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, არსებობს პრაქტიკები, რომ პოლიციას შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია და საზღვარზე მოხდეს მისი დაკავება, მაგრამ თუ ის ადამიანი იმავე მომენტში გადაიხდის ან მოხდება დაკავშირება აღმასრულებელთან, არსებული პრაქტიკით ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას, რომ დატოვოს საზღვრები და როცა ჩამოვა ეს ვალდებულება შეასრულოს. პირდაპირი მნიშვნელობით, რომ აუკრძალო საზღვრის კვეთა (მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი) ჩემი აზრით ეწინააღმდეგება თავისუფალი გადაადგილების პრინციპს. სამოქალაქო საპუხისმგებლობის გამო არ შეიძლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, იქიდან გამომდინარე რა ინფორმაციაც არის ჩემთვის ცნობილი.’’- აცხადებს სოფო მაჭავარიანი.
იურისტი მიიჩნევს, რომ ასეთი საკანონმდებლო რეგულაციით ადამიანისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვა სამართლებრივ ქაოსს გამოიწვევს, რადგან ინიციატივის ამ სახით მიღების შემთხვევაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. კერძოდ, საუბარია გადაადგილების თავისუფლებაზე. იურისტი ამბობს, რომ საზღვრის კვეთის აკრძალვის შემთხვევაში შესაძლოა ის პირიც დაზიანდეს, რომლის მიმართაც სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს, რადგან ის შესაძლოა ქვეყანას ბიზნეს საქმიანობის გამო ტოვებდეს. ასეთ ვითარებაში, კი ბუნდოვანია ვის ეკისრება ამ პირის მიმართ წარმოშობილი ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. იურისტი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საკანონმდებლო პროექტი და რა ჩაიწერება მასში. დანაშაულის რომელი სახე გაითვალისწინებს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ზიანის რა ოდენობის შემთხვევაში აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება. სოფო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საჯაროდ გაცხადებული ინიციატივა მას უტოვებს განცდას, რომ კანონი ვერ მოვა შესაბამისობაში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.
,,ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის ინტერესი უნდა არსებობდეს. ეს რომ პირდაპირ გადაიზარდოს იმაში, რომ ადამიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალოს იმიტომ, რომ სხვა საკანონმდებლო ბერკეტები არ მუშაობს და მისგან ვალდებულების ამოღება ვერ ან არ ხდება, ეს გამოიწვევს სამართლებრივ ქაოსს. თუ აპირებენ, რომ გაიმიჯნოს და გაიყოს, გავრცელდეს გარკვეულ დანაშაულებზე და გარკვეულზე არ გავრცელდეს და გარკვეულ კრედიტორებს მიენიჭოთ მეტი უპირატესობა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ცალკე საკითხია, ასეთი საკანონმდებლო უპირატესობის მინიჭება ხომ არ მიგვიყვანს გარკვეულ განსხვავებულ მოპყრობამდე? საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საგადასახადო გასაგებია, რომ მას თავისი უპირატესობები აქვს აღსრულების წესებთან მიმართებაში, მაგრამ უნდა გაჩნდეს ასეთი ინსტიტუტი და მეტი სიღრმისეული კვლევა დასჭირდება, რომ ვთქვათ რამდენად იქნება გამართლებული, რა სახის დანაშაულები უნდა იყოს, რა უნდა იყოს წინაპირობები, რა სახის ზიანი უნდა იყოს, რატომ არის ეს ზიანი იმ დონის მნიშვნელობის. იქნებ ბრუნდება ეს ადამიანი და მიდის ბიზნეს გარიგებაზე. აქეთ დამდგარ ზიანს მერე ვინ აანაზღაურებს? სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკმაყოფილების ვადა, აღსრულების ვადა არის 10 წელი. მივდივარ და მოვდივარ. თუ მიმალვის საფრთხე არსებობს, ამ დროს დაკავება შეუძლიათ მხოლოდ სისხლის სამართლებრივი წესით. სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, თუ ეს ადამიანი საშიში არ არის საზოგადოებისთვის, მაშინ შემოიფარგლეთ ჯარიმით ან პირობითითო. ე.ი. თავად კანონმდებელმა თქვა, რომ ეს პრობლემა, რომელსაც დელიქტი მოჰყვა დაძლევადია და სამოქალაქო სამართლებრივი წესით მიხედეთო. ასეთ დროს შემოდის ასეთი ძლიერი ინსტიტუტი, ჩემი აზრით ცოტა სამართლებრივი ლოგიკა იკარგება. თუ ეს ადამიანის საფრთხეა და იმ დონის ზიანი აქვს მიყენებული, მაშინ ქვეყანასაც ვერ დატოვებს, იჯდება ციხეში და პარალელურად მოხდება ხოლმე მის მიმართ დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენა. ის ვერსად ვერ წავა და თუ რამე ვალდებულებები არსებობს, მისი ქონებიდან ხდება აღსრულება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.’’- აცხადებს სოფო მაჭავარიანი.
ინიციატივის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ქონების ამოღებას არა მარტო მსჯავრდადებულისგან, არამედ მისი ოჯახის წევრებისგან და დაკავშირებული პირებისგან. იურისტს ამ ნაწილის შეფასებაც ვთხოვეთ.
,,ზოგად პრინციპს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება პირმა პასუხისმგებლობა აგოს სხვისი დანაშაულისთვის. მაგრამ შეგახსენებს, რომ არსებობს ორი რეგულაცია, თუმცა მათი მოქმედება საგამონაკლისო იყო. საუბარი მაქვს თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრისთვის ქონების ჩამორთმევის რეგულაციაზე. მერე შემოვიდა რეკეტისა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლების ოჯახის წევრებისგან ქონების ჩამორთმევა. ამ რეგულაციებს ჰქონდათ თავისი წინაპირობები. ქონება უნდა ყოფილიყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და განაჩენში უნდა ყოფილიყო ამაზე მსჯელობა. სხვანაირად, თუ არ იქნება პირდაპირ გაწერილი ვერ მოხდება ამ ქონების ჩამორთმევა. თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ქონების ჩამორთმევა ხდებოდა 2003-2004 წლებში. იქ ხდებოდა დავა არსებითად, რომ ის ქონება, რომელიც იყო ოჯახის წევრზე გაფორმებული (დედაზე, მამაზე, სიდედრზე, სიმამრზე და ა.შ.) როდის იყო შეძენილი, ჰქონდათ თუ არა ოჯახის წევრებს იმის შესაძლებლობა, რომ თავად შეეძინათ ეს ქონება და რამდენად იყო უშუალოდ იმ დამრღვევი პირის თანხების გადამალვის საშუალება. ეს რეგულაცია დიდი ხანია არსებობს. ივარაუდება, რომ საკუთრება არის ფორმალური. მანდ მესმის ლოგიკა. ოღონდ, წინაპირობები უნდა იყოს მკაცრად დაცული, იმგვარად, რომ აბსოლუტურად კითხვის ნიშანი არ იყოს ფუნდამენტური უფლება შეილახა თუ არა. თუ საკუთრება ფორმალურად გაქვს და შენი მოპოვებული არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება დაცვის სტანდარტი არ იყოს მაღალი. უნდა დადგინდეს, რომ ქონება არის პირის მიერ უკანონოდ მოპოვებული გზით მიღებული თანხებით ნაყიდი და პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მან სხვაზე გადააფორმა. ეს შემადგენლობა უნდა დადგინდეს. ამ ორი რეგულაციას თავისი ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა. შევარდნაძის მთავრობიდან სულ ალბათ 20 თანამდებობის პირის მიმართ მოხდა ამ პროცესის წარმოება და არა ყველა თანამდებობის პირის მიმართ, რადგან ძალიან რთული და ძალიან მრავალმხრივი კომპონენტების კვლევა იყო საჭირო და ამაში იყო ჩართული ბევრი უწყება სახელმწიფოს მხრიდან.’’- აცხადებს სოფო მაჭავარიანი.