ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, სრული პასუხისმგებლობაა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა
ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა! გავიგე, რომ გრანტების ფულს არ ასაჯაროებენ და გვიმალავენ, მაგრამ გაასაჯაროონ თავისივე ხელშეკრულებები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებაზე, რომ გერმანიის ელჩისთვის სახლის იჯარით გადაცემა კანონის დაცვით მოხდა. კითხვაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და რასთან გვაქვს საქმე, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ხაზარიძე-ჯაფარიძის ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, რომ ანაკლიისთვის ყველაფერი გააკეთეს და თურმე, ქართველ ხალხს მათი ვალი ჰქონდა, მაგრამ მოიარეს მთელი სამყაროს სასამართლოები და ყველგან დამარცხდნენ“.
„მათ რომ სიტყვაზე არ ენდობა ადამიანი, ეს ხომ ფაქტია, მით უმეტეს, როგორც ახლა გავეცანი, ერთი ადვოკატი უარყოფს, რომ მე არ ვიყავიო, მეორე არ იძებნება. ზოგადად, გაურკვეველია, ვინ არიან ეს ოჯახის ადვოკატები.
საკითხი მარტივია. საქმე ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებს. ეს საერთაშორისო ტერმინია ადამიანების, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში და მათ მიმართ არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას.
ასე, რომ როგორც ხაზარაძე, ისევე გერმანიის ელჩი, ორივე არიან პოლიტიკურად აქტიური პირები. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით, ეს ელჩი, როდესაც ბინას, სადაც ის პირადად ცხოვრობს, სახლს ქირაობს თაღლითობისთვის მსჯავრდებული ადამიანისგან და იმ მომენტში, როდესაც მან იქირავა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, იმ მომენტში ხაზარაძე უკვე მსჯავრდებული იყო თაღლითობისთვის, იმ მომენტში ხაზარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა წინა მოწვევის პარლამენტის მანდატი, ანუ ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა! გავიგე, რომ გრანტების ფულს არ ასაჯაროებენ და გვიმალავენ, მაგრამ გაასაჯაროონ თავისივე ხელშეკრულებები და გვაჩვენონ, რასთან არის საქმე. ხომ არ იყო აქ რაღაც უპირატესი მდგომარეობის შექმნა? ისმის კითხვები და ვერ გასცეს პასუხი, ამ გარიგებიდან იხდიდა გადასახადებს, თუ – არა? უმარტივესი კითხვებია, რომელზეც შეიძლება მარტივი პასუხების გაცემა, მაგრამ, როდესაც ბუნდოვანია ამაზე პასუხები, რა თქმა უნდა, ეჭვები არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.