2023 წელს საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ ზოგიერთ ჯგუფთან მიმართებით შეინიშნებოდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ზოგადი ფონი კვლავ კრიტიკულად რჩება – შეინიშნებოდა ხელისუფლების მიერ პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისგან თავის შეკავება, რამაც ხელი შეუწყო დისკრიმინაციის გაღვივებას,- ამის შესახებ აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში – „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თანასწორობის უფლების დაცვის კონტექსტში მნიშვნელოვანია მსჯელობა წლის განმავლობაში ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წარმომადგენლების, თუ არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ჯგუფის საჭიროებები და ინტერესები არ ასახულა სახელმწიფო პროგრამებში. ასევე, შეინიშნებოდა ხელისუფლების მიერ პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისგან თავის შეკავება, რამაც ხელი შეუწყო დისკრიმინაციის გაღვივებას.
„მიუხედავად დადებითი საკანონმდებლო ცვლილებებისა, პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლობის აღსრულება და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა. საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, დაფიქსირებულია 13 ქალის მკვლელობის შემთხვევა, საიდანაც 7-ში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო რეგულირებასთან ერთად, პრობლემებთან გასამკლავებლად, სოციალურ ფსიქოლოგიური მიდგომების დამკვიდრება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაიზარდოს ქალთა როლი, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში“,- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ბავშვთა უფლებებს, დოკუმენტის თანახმად, ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა ხშირად სწორედ ოჯახში ან სკოლაში ხორციელდება.
„მდგომარეობას ამძაფრებს ქვეყანაში არსებული სოციალურ ეკონომიკური ვითარება, ასევე, ძალადობის შედეგად განვითარებულ არასრულწლოვანთა პოსტტრავმული სტრესისადმი საზოგადოების მოუმზადებლობა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარმოებული არასრულწლოვანთა საქმეების ანალიზისას გამოვლინდა მართლმსაჯულების პრობლემური საკითხებიც, მაგალითად, არასრულწლოვან მოწმეთა გამოკითხვისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოს შერჩევისა თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმების ნაკლებ პრიორიტეტულად გამოყენებასთან მიმართებაში“,- აღნიშნულია ანგარიშში.
შშმ პირთა უფლებების თაობაზე კი, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შშმ პირები კვლავ აწყდებიან წინაღობებს შენობებში, ტრანსპორტსა თუ სერვისებზე წვდომის კონტექსტში.
„საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, შშმ პირთა უფლებების დასაცავად ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირთათვის ინკლუზიური განათლების ხარისხისა და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა. პრობლემურია, რომ სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ არიან შშმ პირები ჩართულნი. ასევე, პრობლემურია, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია სტანდარტები შშმ პირთა ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებსა თუ მობილურ აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, ანგარიშის თანახმად, რელიგიური უმცირესობები რიგი გამოწვევების წინაშე დგანან.
„მათ არ გააჩნიათ სალოცავების რესტავრაციისთვის საჭირო თანხები. რიგ შემთხვევებში არაეფექტურად წარიმართება რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები. ასევე, მაგალითად, ბათუმში შეინიშნება ზეწოლა საჯარო სკოლების რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებზე. ამ ყოველივეს ემატება, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ არის საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ორგანო“,- ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით კი დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, განსაკუთრებით პრობლემურია მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა“.
ანგარიშში ასევე საუბარია, ლგბტ+ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არც 2023 წელს გაუმჯობესებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, თემის წარმომადგენლები კვლავ იყვნენ დისკრიმინაციის, ძალადობისა და სტიგმის მსხვერპლნი, რადგან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა არსებული კანონმდებლობის აღსრულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმადვე, წინა წლების მსგავსად, 2023 წლის განმავლობაშიც გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემები ხანდაზმულთა სოციალური დაცვის კონტექსტში, ასევე, კვლავ პრობლემად რჩება უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა.
ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
