ადამიანის უფლებათა კომისარი აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაპატიმრებულთა გათავისუფლებას მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.
„შეშფოთებული ვარ ანარ მამედლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცესებით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დღეს, 29 აპრილს.
უფლებადამცველი, ს მონიტორინგის ცენტრისა და დემოკრატიის კვლევის ხელმძღვანელი, ანარ მამედლი, რომელიც იყო ერთ-ერთი თანადამფუძნებელი “სამართლიანი კლიმატის გარემოსი” (COP29 – Climate of Justice Initiative) ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით 2024 წლის აპრილში დააკავეს და ამ დრომდე ციხეში რჩება.
„ბატონი მამედლი ზუსტად ერთი წლის წინ დააკავეს და კვლავ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლოს მოლოდინში, ბრალდებებით: უცხოური ვალუტის კონტრაბანდა, გადასახადებისგან თავის არიდება, უკანონო მეწარმეობა და დოკუმენტების გაყალბება. ასევე შეშფოთებით აღვნიშნავ, რომ დღეს აზერბაიჯანში ათობით უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტია დაპატიმრებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ კანონიერ საქმიანობას ან გამოთქვამდნენ კრიტიკულ ან განსხვავებულ აზრს.
მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ანარ მამედლი და სხვა ყველა უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ვინც დაკავებულია საკუთარი საქმიანობის გამო, და გააუქმოს მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები და ყველა დაკავშირებული შეზღუდვა, მათ შორის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე დაწესებული აკრძალვა”, – წერს ადამიანის უფლებათა კომისარი.
როგორც მაიკლ ო’ფლაჰერტი წერს, 2018 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამედლის 2013 წლის დაკავება – მსგავს ბრალდებებზე, რაზეც მას დღესაც ედავებიან, – არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, და დაკავების რეალური მიზანი იყო მისი გაჩუმება და დასჯა.
“დღეს, უფლებადამცველთა, ჟურნალისტთა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა უმრავლესობა მამედლის მსგავსად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა რამდენიმე მათგანს უკვე მიუსაჯეს მძიმე სასჯელი. მათ შორის არიან: სამოქალაქო აქტივისტი ბახტიარ ჰაჯიევი, რომელსაც 2025 წლის 13 იანვარს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; დამოუკიდებელი მედიის, „კანალ 13“-ის დირექტორი აზიზ ორუჯოვი, რომელსაც 2025 წლის 26 თებერვალს 2 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა; და ოპოზიციონერი აქტივისტი და ყოფილი ჟურნალისტი თოფიგ იაგუბლუ, რომელსაც 2025 წლის 10 მარტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა”.
მისივე განმარტებით, 2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო უფლებადამცველებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის, დიალოგისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
“მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რათა ქვეყნის ყველა კანონი და პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და უფლებადამცველების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მდგომარეობას, შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს”.