ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქსტატის“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წელს საქსტატში განხორციელდა და დაინერგა სიახლეები რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა: მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკის არეალის გაფართოება, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების შექმნა და ახალი სერვისების ამოქმედება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქსტატის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინტენსიური თანამშრომლობა მედიასთან, აქტიური დიალოგი მომხმარებლებთან და მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა-გაანალიზება.
გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქსტატმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღნიშნული სტრატეგია შედგება 3 მიზნის, 9 ამოცანისა და 91 აქტივობისაგან.
„ჩვენი გეგმა ითვალისწინებს მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებთან აქტიური დიალოგით და კონსტრუქციული თანამშრომლობით ქვეყანაში შევქმნათ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზის მძლავრი სისტემა, რომელიც თითოეულ მომხმარებელში გაამყარებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ წარმოებული სტატისტიკა არის სანდო, ობიექტური და რაც მთავარია პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 20 900 000 ლარს, გრანტის სახით მისაღები მიზნობრივი ფინანსური დახმარების გეგმა – 648 595 ლარს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა – 200 000 ლარს.
კომიტეტმა განხილული ანგარიში დადებითად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?