„ადამიანები ღაზაში ამ წუთებში სასიკვდილოდ შიმშილობენ“ — WFP-ს დირექტორი

ინტეგრირებული სურსათის უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის (IPC) ახალი ანგარიშით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, შიმშილი გარდაუვალია. გაეროს პარტნიორი ორგანიზაციის განცხადებით, მოსახლეობის 70%-ს კრიტიკულ ზღვარზეა საკვების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ანგარიშის ავტორების თქმით, ღაზაში 2.2 მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები პროდუქტები და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას მარტის შუა რიცხვებიდან მაისამდე პერიოდში ელოდებიან.
გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კატასტროფული შიმშილობის წინაშე არიან, ღაზაში ყველაზე მაღალია, რაც კი როდესმე სადმე აღწერილა.
CNN წერს, რომ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შიმშილითა და დეჰიდრატაციით ღაზის ჩრდილოეთში, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები და ახალშობილებიც არიან. იმის გამო, რომ ღაზაში საკვები პროდუქტებისა და სუფთა წყლის დეფიციტია, CNN-ის თქმით, ადამიანები სვამენ დაბინძურებულ წყალს და ბალახითა და ცხოველთათვის განკუთვნილ საკვებით იკვებებიან. ექიმები გამოცემას ეუბნებიან, რომ არასაკმარისი საკვების გამო ახალშობილების დედებს რძე უშრებათ და მშობლები ჯანდაცვის სპეციალისტებს ემუდარებიან, ჩვილებისთვის ხელოვნური კვება (ფორმულა) მისცენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კრიზისს „სრულიად ადამიანის მიერ შექმნილს“ და „აღკვეთადს“ უწოდებენ და ისრაელს შიმშილის ბრძოლის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ:
„ადამიანები ღაზაში ამ წუთებში სასიკვდილოდ შიმშილობენ. ადამიანების მიერ შექმნილი ამ კრიზისის მასშტაბი შემაშფოთებელია“ — აცხადებს საკვების მსოფლიო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორი სინდი მაკკეინი. მისი თქმით, მასობრივი შიმშილის ხელის შესაშლელად ახლა ძალიან მცირე ფანჯარაა დარჩენილი და საჭიროა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი წვდომის უზრუნველყოფა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში. მაკკეინის თქმით, მოცდის შემთხვევაში შიმშილს ათასობით ადამიანი ემსხვერპლება.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა კი „შიმშილის ომის იარაღად“ გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს „ბუნებრივი კატასტროფა არ არის“, არამედ ისარელის მიერ გამოწვეული პრობლემაა, რომელიც „ხელს უშლის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას“.
მისი თქმით, საზღვარზე ასობით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომობილი დგას, რომელსაც ღაზაში ისრაელი არ უშვებს:
„დახმარება ადგილზეა და იცდის. სატვირთოები გაჩერებულია, ადამიანები კი იღუპებიან. ზღვითა და საჰაერო გზებით დახმარება მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ მისი „ბუნებრივი“ გზით, ხმელეთით გადაცემა ხელოვნურადაა დაბლოკილი ისრაელის მიერ“ — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
CNN აღნიშნავს, რომ საკვების მსოფლიო პროგრამის გამოთვლით ყოველდღიურად ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 300 სატვირთოს შესვლაა საჭირო, რათა საკვებზე ხელმისაწვდომობის მინიმალური სტანდარტი დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, გაეროს ორგანიზაციამ CNN-ის თქმით, ჩრდილოეთ ღაზაში წლის დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ 9 ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონის შეყვანა მოახერხა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ CNN-თნ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ ღაზაში იმდენი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, რამდენიც საჭიროა.
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.